ახალი ამბები

გოგი თოფაძე: იმის მაგივრად, რომ რუსეთს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი იძახის ნატოო

6 აპრილი, 2016 • 2757
გოგი თოფაძე: იმის მაგივრად, რომ რუსეთს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი იძახის ნატოო

“ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?”- ეს განცხადება “მრეწველთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ გაზეთთან “საქართველო და მსოფლიო” ინტერვიუში გააკეთა.

დეპუტატის თქმით, რუსეთი ზესახელმწიფოა და საქართველო მას უნდა მოელაპარაკოს:

“გვეუბნებიან გასაგებად, არ გიღებთ ნატოშიო, მაგრამ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი მილიონობით ადამიანს ატყუებს,  მიგვიღებენო. ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?! უბრალოდ, იმ ხუთმა თვემ, რომელთა განმავლობაშიც რუსეთმა იომა სირიაში და ხმამაღლა აუწყა მსოფლიოს, ისევ დავიბრუნე ზესახელმწიფოს სტატუსიო, ყირაზე დააყენა გეოპოლიტიკა, ე.წ. ერთპოლუსიანი სამყარო მოკვდა. და იმის მაგივრად, ჭკუას ვუხმოთ, დავჯდეთ და რუსებს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი ჯიუტობს და გაჰკივის- ნატოო. ნეტავ, რამის გამკეთებელი იყოს,” – აღნიშნულია “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში.

გოგი თოფაძე “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ გაზეთ “საქართველოსა და მსოფლიოს” ინტერვიუ მისცა, თუმცა ნატოს შესახებ მისი განცხადების დასადასტურებლად გაზეთთან დაკავშირება გვირჩია. დეპუტატმა “ნეტგაზეთის” იმ შეკითხვას უწოდა პროვოკაციული, რომელიც არ დაგვისვამს და ყურმილი გათიშა.

“ნეტგაზეთმა” სცადა “საქართველოსა და მსოფლიოსთან” დაკავშირება, თუმცა ჩვენი სატელეფონო ზარებისთვის გაზეთის რედაქციის ნომერზე ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

უცნობია, ნამდვილად გააკეთა თუ არა ეს განცხადება გოგი თოფაძემ, რადგან  ამ გამოცემის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუზე გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში ხიდაშელისთვის ბრალი არ დაუდია და გამოქვეყნებული ინტერვიუს ეს ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ამ ინტერვიუს მოჰყვა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დაპირისპირება.

უარყოფის მიუხედავად, მოგვიანებით გოგი თოფაძემ სატელევიზიო ინტერვიუებში გაიმეორა აზრი, რომ ხიდაშელმა არჩევნები ჯარის გამოყენებით გააყალბა.

NDI-ის 2015 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მოსახლეობის 72 პროცენტისთვის მისაღებია. საქართველოს მმართველ კოალიციას, “ქართულ ოცნებას”, რომლის შემადგენლობაშიც გოგი თოფაძის მრეწველთა პარტიაც შედის, ოფიციალურად ასევე დეკლარირებული აქვს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. ამ კუთხით ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია. ამ მონაცემებს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი