ნეტგაზეთი | თბილისში, საკუთარ სახლთან გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს თბილისში, საკუთარ სახლთან გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – Netgazeti

თბილისში, საკუთარ სახლთან გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში, საკუთარ სახლთან გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. როგორც გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის შვილიშვილს ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

გოგი თოფაძე ამბობს, რომ მისი შვილიშვილი სამ მეგობართან ერთად რესტორანში იყო რის შემდეგაც, სახლში წამოვიდნენ, შაბათს 05:00 საათზე, სადაც შემთხვევა მოხდა. გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხება დაკავებულს, შსს-ის განცხადებით, ბრალდებული 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს” – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.