ახალი ამბები

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები

19 მაისი, 2012 • 921
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები

საქართველოს პარლამენტმა, 109 ხმით ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ექნებათ საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. აღნიშნული პირები ამ უფლებით ისარგებლებენ 2014 წლის 1 იანვრამდე.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს ასევე შეეძლებათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის პოსტები და ამისთვის სპეციალური ჩანაწერის დამატება არ არის საჭირო:

“ეს გარდამავალ დებულებებში ჩაიწერება და არ შეეხება ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდეტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, ვინც, იმვადროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.”

წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს “ქრისტიან-დემოკრატებმა”, რომლებიც მანამდე ალტერნატიულ პროექტს უჭერდნენ მხარს, რომლითაც საარჩევნო უფლება ენიჭებოდა საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც 10 წელი მაინც უცხოვრიათ საქართველოში. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მათი მხრიდან საკითხის მხარდაჭერა იყო ერთგვარი კომპრომისი.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოოდ მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დაისვა, რაც ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.

8 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც “2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ”.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს და 2005 წლიდან იხდის გადასახადებს, როგორც მობინადრე. შესაბამისად, პირველადი რედაქციით ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ახალი რედაქციით ივანიშვილს სრულად ეძლევა უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

ამავე თემაზე:

ცვლილებები ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი