ახალი ამბებისაზოგადოება

ალცჰაიმერის სამკურნალო ახალი პრეპარატის კვლევა პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს

1 სექტემბერი, 2016 • 3157
ალცჰაიმერის სამკურნალო ახალი პრეპარატის კვლევა პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს

ანტისხეულებით მკურნალობის თერაპია, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობისთვისაა განკუთვნილი, იმედის მომცემ შედეგებს იძლევა, რაც შესაძლოა ნიშნავდეს იმ პროგრესს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რომელსაც მეცნიერები და პაციენტები ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ – ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” წერს.

Aducanumab-ის სახელით ცნობილი ანტისხეული, რომელიც თერაპიის ნაწილია, ებრძვის ბეტა ამილოიდის სახელწოდებით ცნობილ ცილას, რაც დაავადების გამომწვევად მიიჩნევა. ჟურნალში Nature ოთხშაბათს გამოქვეყნებული მასალის თანახმად, წამლების უსაფრთხოების კუთხით ჩატარებულმა კვლევამ პოზიტიური შედეგი აჩვენა. 165 პაციენტს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურ მკურნალობას გადიოდნენ, ბეტა ამილოიდის შემცველობა სისხლში მნიშველოვნად შეუმცირდათ და კოგნიტური ფუნქციის უფრო ნელი დაქვეითება გამოუვლინდათ, ვიდრე მათ – ვინც პლაცებოს იღებდა.

თერაპიის ეფექტურობას ახლა უფრო მასშტაბური გამოკვლევებით ამოწმებენ. თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, ეს იქნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი დამტკიცებული პრეპარატი, რომელიც უკან დახევს დაავადებას.

“ეს ყველაზე დადებითი სიახლეა, რაც ალცჰაიმერის კლინიკურ გამოკვლევებზე მუშაობის 25 წლის მანძილზე მქონია,” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესოტი – სტეფან სალოვეი “ვაშინგტონ პოსტთან საუბრისას”.

კვლევა რეციპიენტებს ოთხ ჯგუფად ყოფს, რომლებიც იღებენ პლაცებოს ან ადუკანუმაბის მცირე, საშუალო და მაღალ დოზას.

“რაც დიდია დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა, უფრო დიდია დაავადების შემცირების ხარისხი” – თქვა კვლევის კიდევ ერთმა ავტორმა როჯერ ნიცშმა, ციურიხის უნივერსიტეტში რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვენელმა.

“თავის ტვინის ტომოგრაფიულმა კვლევამ, რომელიც პრეპარატის მაღალ დოზაზე მყოფ პაციენტებს ჩაუტარდათ, ცხადყო, რომ ერთი წლის შემდეგ წითელი ფერი აღარ ჩანდა სურათზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამილოიდი თითქმის სრულად ქრება,” – ამბობს ნიცში. ძველ კვლევებთან შედარებისას კი თქვა, რომ “პრეპარატის ეფექტურობის ზომა  უპრეცედენტოა”.

უფრო დიდმა დოზამ პაციენტების მცირე ნაწილში, რომლებსაც ალცჰაიმერის უფრო რთული ფორმები ჰქონდათ, გარკვეული უკურეაქცია გამოიწვია – კერძოდ, ტვინის სუსტი შეშუპება და სისხლდენა, თუმცა მონიტორინგისა და დოზის რეგულირებით გართულებები გადაილახა.

ალცჰაიმერის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ამერიკის შეერთებულ შტატებში დგას. ცნობილია, რომ  65 წლის და მეტი ასაკის მქონე აშშ-ის 5,2 მილიონ მოქალაქეს აქვს ალცჰაიმერის დაავადება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 2050 წლისთვის სამჯერ გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი მკურნალობა არ დაინერგება. ამ დროისთვის ალცჰაიმერთან სამკურნალო 5 პრეპარატი არსებობს, რომლებიც  დაავადების ზოგიერთ სიმპტომს თრგუნავს, თუმცა ბოლო 12 წლის განმავლობაში არც ერთი ახალი პრეპარატი არ დამტკიცებულა ამ დაავადების სამკურნალოდ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი