ახალი ამბები

გაზსადენის აფეთქების მომზადების საქმე – რა ვიცით ამ დრომდე

23 აგვისტო, 2016 • 2477
გაზსადენის აფეთქების მომზადების საქმე – რა ვიცით ამ დრომდე

რუსეთი-სომხეთის გაზსადენის შესაძლო აფეთქების მომზადებაში ბრალდებულების დაკავებიდან სამი დღის შემდეგ კვლავ უცნობია, თუ რა იყო ბრალდებულების მოტივი, იმართებოდნენ თუ არა საზღვარგარეთიდან და არის თუ არა გამოვლენილი შესაძლო დამკვეთი. სუს-ის ცნობით, უწყება ამ საქმეზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

დღეს, 23 აგვისტოს ომბუდსმენის აპარატმა განაცხადა, რომ 20 აგვისტოს, 12 საათზე დაკავებულ  ბექა ბექაურს, მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, დაახლოებით  23 საათამდე არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

22 აგვისტოს ყველა ბრალდებულს, მათ შორის ბექაურსაც, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატმრობა შეუფარდა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განიხილავს. კერატიშვილი მოსამართლედ 1 თვის წინ დაინიშნა.

ბექაური არის შვიდ ბრალდებულთაგან ერთადერთი, რომელიც წაყენებულ ბრალს აღიარებს. მისი ადვოკატისგან, რომელიც საქმეში, სავარაუდოდ, უკვე აღარ არის ჩართული, ცნობილი გახდა, რომ ბექაურმა აფეთქების დაგეგმვის მოტივად რუსეთის მიმართ აგრესია დაასახელა.

უთანხმოება ადვოკატსა და ბრალდებულის ნათესავს შორის

ადვოკატი მაია ჭრელაშვილი 23 აგვისტოს იმყოფებოდა ბლექვილის კლინიკაში, სადაც ბექაური გამომძიებელმა დაკითხა.   ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და “იმედის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ  ადვოკატმა ტერიტორია გამომძიებლის მანქანით დატოვა და იქ მყოფ  ბრალდებულის დეიდას, მზიანა სუბელიანს ადგილზე არ შეხვდა. ამის შემდეგ მან სუბელიანს ტელეფონზე დაურეკა და სკვერში შეხვედრა შესთავაზა, რასაც დაძაბულის საუბარი მოჰყვა:

“ვინ დაგიქირავა, ისიც მითხარი, ამობრძანდი ახლა ჟურნალისტებთან. ადვოკატი რას მემალები, გამაგებინე-ერთი?!”, – ამბობს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში მზიანა სუბელიანი, რომელიც ტელეფონით  ჭრელაშვილს ესაუბრება.

როგორც მოგვიანებით “ნეტგაზეთს” თავად სუბელიანმა განუცხადა, ჭრელაშვილი მისი დისშვილის ადვოკატი გაურკვეველ ვითარებაში გახდა და  თავდაპირველად სახაზინო ადვოკატი ეგონა. 

ჭრელაშვილი კი “ნეგაზეთთან” ამბობს, რომ საქმეში ჩართვა და ბექაურის ინტერესების დაცვა მისმა მეგობარმა კოლეგამ შესთავაზა, თუმცა ამ მეგობრის ვინაობას არ ასაჯაროებს.

მზიანა სუბელიანმა დღეს ნეტგაზეთს უთხრა, რომ მაია ჭრელაშვილის საადვოკატო მომსახურებაზე უარი თქვა და აპირებს, რომ სახაზინო ადვოკატი ჩართოს საქმეში, რომელიც მის დისშვილს  საადვოკატო მომსახურებას უფასოდ გაუწევს.

ბექა ბექაურის აღიარებითი ჩვენება და მასზე შესაძლო ძალადობა

“ბავშვიც მიხვდება, რომ [დაზიანება] დაკავების პროცესში არ არის მიღებული. რა ჩვენების მიღება უნდოდათ და რა ათქმევინეს, სანამ თავი არ გაუტეხეს, როგორც გამომძიებელს უთქვამს, დიდხანს მხნედ იდგაო. ყველაფერი თავის თავზე აიღოო, ამას ამბობენ. ვის ბინძურ თამაშებს ეწირება ჩემი დისშვილი, არ ვიცი,”- ამბობს ტერეროსტული აქტის მომზადებაში ბრალდებულ ბექა ბექაურის დეიდა მზიანა სუბელიანი.

იმის შესახებ, რომ ბექა ბექაურმა აღიარებითი ჩვენება მისცა და მას თავსა და ხელზე ტრავმები აღენიშნებოდა, ცნობილი 22 აგვისტოს, სუს-ის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე გახდა. იმავე დღეს, ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მან დაზიანებები გაქცევისას მიიღო, რადგანაც ბექაური ამბობს, რომ გაქცევა არ უცდია.

22 აგვისტოს სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ შემოსული იყო ბრალდებულ ბექა ბექაურის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უარს აცხადებდა პროცესზე გამოცხადებაზე და სურდა მის გარეშე განეხილათ აღკვეთის ღონისძების შეფარდების საკითხი. მოსამართლის თქმით, განცხადებაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ ბექა ბექაური ნაცემი იყო.

დღეს, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბექა ბექაურზე შესაძლო ძალადობაზე პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. თუმცა, სავარაუდოდ, უკვე სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მან ეს დაზიანებები მიიღო.

ვინ მართავდა ავტომობილს, საიდანაც გამოძიებამ ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ერთ-ერთი ბრალდებულის, ნური ჭკადუას ადვოკატის, ირაკლი მახათაძის განცხადებით, ავტომობილს ნური ჭკადუა მართავდა, თუმცა  არ იცოდა, რომ იარაღი უნდა გადაეტანა.

მისივე თქმით, დაკავებისას ავტომობილში იმყოფებოდნენ სამი ბრალდებული: ნური ჭკადუა, ბექა ბექაური და ჯაბა მელქაძე.

ირაკლი მახათაძის მტკიცებით, ბრალებულთაგან ნური ჭკადუა მხოლოდ ბექა ბექაურს იცნობდა, რადგანაც მეზობლები იყვნენ, ჯაბა მელქაძე კი 20 აგვისტოს გაიცნო.

ადვოკატი 20 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს შემდეგნაირად აღწერს:

“2016 წლის 20 აგვისტოს [ნური ჭკადუას] მიაკითხა ბექა ბექაურმა, რომელიც  მისი მეზობელია, ხელობაზე მუშაობდნენ ერთად. ბექა ბექაურმა ნური ჭკადუას სთხოვა, რომ ჩაეყვანა სოფელ ჩარგალთან, სადაც ისინი დააკავეს. სამივე დაკავებულის ჩვენება არის იდენტური – რომ ჭკადუამ არაფერი არ იცოდა. როდესაც დაკავების ადგილამდე მივიდნენ, წამოიღეს ამათმა ეს იარაღი და ფეთქებადი ნივთიერება, ამის შემდგომ იგებს ჭკადუა, რომ მათ იარაღის გადატანა უნდოდათ ერთი ადგილიდან მეორეზე. რომ დაიძრნენ იმ ადგილიდან, ტყის მასივიდან, საიდანაც ამოიღეს იარაღები, მაშინ დააკავა სპეცრაზმმა,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ადვოკატი ირაკლი მახათაძე. 

კავკასიური ალიანსი და მისი წევრები

საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ინფორმაციით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “კავკასიური ალიანსი” 2016 წლის 28 აპრილს დაარსდა. გამგეობის 7 წევრიდან ორი ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზეა ბრალდებული. კაკასიურ ალიანსს ფეისბუკის გვერდიც აქვს.

“მათ გააჩნდათ თავიანთი დამოკიდებულება სერთო კავკასიურ ალიანსთან მიმართებაში, რომელიც ერთა გაერთიანებაზეა ორიენტირებული და არა ტერორისტული აქტების განხორციელებაზე,”- განაცხადა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ, რომელიც ორი ბრალდებულის, ჯაბა მ.-სა და მინდია ვ-ს ინტერესებს იცავს.

ამავე საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული პოლიციელის, ლევან მ.-ს ადვოკატ  რამაზ ჩინჩალაძეს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  ბექა ბექაურს სწორედ კავკასიური ალიანსის ვებ-გვერდიდან იცნობდა. გამოძიება პოლიციელს იმაში ედავება, რომ ბექა ბ.-მ მას გააცნო ინფორმაცია ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ, მან კი შესაბამისად არ იმოქმედა:

debuleba

“ბრალში მითითებულია, რომ ბექაურმა მას გაანდო, რომ მზადდებოდა ტერორისტული აქტი, თუმცა არც ბექაურის ჩვენება  და არც სხვა მტკიცებულება არ არის საქმეში, რომლითაც დასტურდება ბექა ბ.-სა და ლევან მ.-ს შეხვედრა და აღნიშნული ინფორმაციის განდობა. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ლევან მ.-მ იცოდა ტერორისტული აქტის მზადების შესახებ,”- ამბობს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით. ლევან მამფორია 20 აგვისტოს დაიბარეს დასავლეთ საქართველოში, შსს-ს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დააკავეს.

მინიშნება უკრაინაში კავშირებთან დაკავშირებით

22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე “იმედის” ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულებიდან რომელიმეს ჰქონდა თუ არა კავშირი უკრაინელ მებრძოლებთან, სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა, სავლე მოთიაშვილმა უპასუხა:

“გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია”.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვლადიმერ რუხაძემ, მისი ადვოკატის, ნინო მახარაძის თქმით, ფეისბუკზე დაწერა, რომ სურდა უკრაინაში სამხედრო ოპერაციებზე  ქართველი ჯარისკაცებისთვის გარკვეული დახმარება გაეწია. ადვოკატი ამბობს, რომ რუხაძის კონტაქტები უკრაინასთან მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებს ისახავდა.

“ეს იყო ფორმებით მხარდაჭერა, ან საქველმოქმედო კონცერტით, ნობათის სახით გაგაზავნილიყო მათთან და ა.შ.  ამ იდეასთან დკავშირებით მას ბევრი მხარდამჭერი აღმოუჩნდა ფეისბუკზე, მათ შორის, ბექა ბ. [ბრალდებული]. მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა მათ შორის ურთიერთობა,”- ამბობს ადვოკატი ნინო მახარაძე.

მისივე თქმით, დანარჩენი ექვსი ბრალდებულიდან ვლადიმერ რუხაძე მხოლოდ ბექა ბექაურს იცნობდა.

უკრაინასთან კავშირებზე ნინო მახარაძე აცხადებს, რომ დეტალებს არ იცნობს:

“მე მეორე დღეა ამ საქმეში ვარ ჩართული, დეტალები ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მიკითხავს იმიტომ, რომ საქმისთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მე უბრალოდ თქვენ განგიმარტეთ, საიდან გაიცნო მან ბექაური. მხოლოდ ეს იდეა აერთიანებდა, მხარდამჭერი იყო ამ იდეასთან დაკავშირებით. დანარჩენი, თუ როგორი ტიპის საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, არ დავინტერესებულვარ….  მისი საქმიანობა საერთოდ არ უკავშირდებოდა ამ [კავკასიური ალიანსის] იდეას, მაგრამ სასამართლოზე ყველა დაკავებულმა და ამ პიროვნებამაც განაცხადა, რომ თუკი კავკასია გაერთიანდება, არაფერი არ აქვს საწინააღმდეგო,”- განაცხადა ადვოკატმა ნეტგაზეთთან 22 აგვისტოს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. 23 აგვისტოს მან ნეტგაზეთის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ადვოკატის თქმითვე, საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად დევს ფარული საგამოძიებო მქომედებების შედეგად ამოღებული აუიდიოჩანაწერები, რაც შეიცავს ბექა ბ.-სა და ვლადიმერ რ.-ს სატელეფონო საუბარს. ადვოკატის მტკიცებით,  ეს მტკიცებულება უკანონოდ არის მოპოვებული, ვინაიდან გამოძიებას სასამართლოს ნებარვა მხოლოდ ბექა ბ.-ს მოსმენაზე ჰქონდა.

ნეტგაზეთის კითხვას, თუ რაზეა საუბარი ამ ჩანაწერებში, ადვოკატი კონკრეტულად არ პასუხობს:

“ვინაიდან დაუშვებელი მტკიცებულება არის, აზრი არ აქვს ამის გაშიფვრას და თქვენთან ამასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას, მაგრამ, ყოველ შეთხვევაში, ტერორისტული აქტის მომზადებაზე საუბარი არ არის. არის პირადი ხასიათის საუბრები. ეს არანაირად არ ეხება შერაცხულ ბრალს,”- ამობობს ადვოკატი ნინო მახარაძე.

22 აგვისტოს პროცესზე, მას შემდეგ, რაც მოსამართლე შვიდივე ბრალდებულს, მათ შორის, ვლადიმერ რუხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რუხაძემ ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებდა.

რას ედავება ბრალდებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა, სავლე მოთიაშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ 20 აგვისტოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთ-სომხეთის მილსადენზე ტერორისტული აქტი აღკვეთეს და საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს.

კერძოდ, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ბრალდებით დააკავეს ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ.

ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი – ირაკლი ბ.

“დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

ამ მიზნის განსახორციელებლად 20 აგვისტოს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

სამალავიდან მათ ამოიღეს 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. “ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დააკავეს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ,”- წერია სუს-ის მიერ 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი