ახალი ამბები

ტერორიზმში ბრალდებულის დეიდამ არ იცის, ვინ ჩართო ადვოკატი მისი დისშვილის საქმეში

23 აგვისტო, 2016 • 2129
ტერორიზმში ბრალდებულის დეიდამ არ იცის, ვინ ჩართო ადვოკატი მისი დისშვილის საქმეში

გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებული ბექა ბექაურის დეიდა მზიანა სუბელიანი ამბობს, რომ არ იცის, ვინ დაურეკა ადვოკატს, რომელსაც მისი დისშვილის ინტერესები უნდა დაეცვა სასამართლოში. როგორც მზიანა სუბელიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, ადვოკატი მაია ჭრელაშვილი, რომელიც ბექაურის ინტერესებს იცავდა, თავდაპირველად სახაზინო ადვოკატი ეგონა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.

ბექაური დაკავებულებს შორის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც ბრალს აღიარებს. მას აღენიშნება ძალადობის კვალიც, რის გამოც თავის ქალაზე ოპერაციაც დასჭირდა.

“როგორც მე მითხრეს, მისთვის [ადვოკატ მაია ჭრელაშვილისთვის] დაურეკავს თავის მეგობარ ადვოკატს. მე მითხრეს, რომ [ბექაურს ადვოკატად დაუდექიო] მე არ მაქვს დრო და იქნებ თქვენ წამოხვიდეთო. [ჭრელაშვილმა მითხრა] მე ისე ჩავთვალე, რომ ოჯახისგან იყო ეგ მოთხოვნაო. გუშინ დილით რომ შევხვდით, მითხრა, თუ გინდათ, შემცვალეთ და უარი თქვით ჩემზე, თუ გსურთ, გავაგრძელოთ თანამშრომლობაო. მე ვუთხარი, თქვენ ალბათ სახაზინო ადვოკატი ბრძანდებით-მეთქი და არაო. აბა, ვინ დაგიკავშირდათ-მეთქი და ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი მეგობარი დამიკავშარდაო. წუხელაც ვნახე ბექა, დღესაც ვნახე და ახლა კიდევ გავალთო. ეგ მაინც მესმის, რომ ოჯახმა უნდა აიყვანოს ადვოკატი და იმიტომ ჩავთვალე, რომ სახაზინო ადვოკატი იყო. როცა მითხრა არაო, ვუთხარი პრეტენზია არაფერი მექნება, თუ ისე წარმართავ საქმეს… როცა საქმის [დეტალები გამაცნო], მასალებიც მანახა და ასე შემდეგ, მე ვუთხარი, რა ნაწილში უნდა დაიცვათ, თუ უკვე აღიარებული აქვს-მეთქი? რა უნდა თქვათ დასაცავი-მეთქი”, – ამბობს მზიანა სუბელიანი.

ნეტგაზეთი მთელი დღის განმალობაში ცდილობდა ადვოკატ ჭრელაშვილთან დაკავშირებას. იგი დღეს იმყოფებოდა ელიზაბეტ ბლექვილის კლინიკაში, სადაც ბექაური გამომძიებელმა დაკითხა, თუმცა, როგორც ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა და იმედმა გაავრცელეს, ჭრელაშვილმა ტერიტორია გამომძიებლის მანქანით დატოვა და იქ მყოფ მზიანა სუბელიანს ადგილზე არ შეხვდა. ამის შემდეგ მან სუბელიანს ტელეფონზე დაურეკა და სკვერში შეხვედრა შესთავაზა.

“ვინ დაგიქირავა, ისიც მითხარი, ამობრძანდი ახლა ჟურნალისტებთან. ადვოკატი რას მემალები, გამაგებინე-ერთი?!”, – ამბობს იმედის და რუსთავი 2-ის ჩანაწერში მზიანა სუბელიანი ჭრელაშვილთან სატელეფონო საუბარში.

ნეტგაზეთმა დღის ბოლოს მოახერხა მაია ჭრელაშვილის ჩაწერა. მისი ნათქვამი მზიანა სუბელიანის მონაყოლს ადასტურებს. ადვოკატი ამბობს, რომ  მისმა მეგობარმა, კოლეგამ შესთავაზა ბექაურის ინტერესების დაცვა, თუმცა მეგობრის ვინაობის არც ჩვენთან ამხელს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დატოვა ტერიტორია გამომძიებლის მანქანით, ადვოკატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ “ჟურნალისტებს გამოექცა”. “რაღაც საკითხების დაზუსტება მინდოდა, ცალკე გამომძიებელთან, ცალკე მხარესთან, თუმცა, სამწუხაროდ, იქ სულ სხვა ფაქტი მოხდა და სხვანაირად წარმართა ქალბატონმა მზიამ სიტუაცია”. ჭრელაშვილის განმარტებით ეს არა ის გამომძიებელი იყო, რომელიც უშუალოდ გაზსადენის აფეთქების საქმეზე მუშაობას, არამედ სხვა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობას იძიებს.

“ჩემს მეგობართან დაკავშირებით საკითხს კონფიდენციალურად დავტოვებ… არ სურს მას, რომ გახდეს ცნობილი. დილას დავრეკე, შევხვდი დეიდამისს და ავუხსენი სიტუაცია. მითხრა, თანახმა ვარ, რომ იყოთ ჩვენი ადვოკატი. ეს ხომ ითვლება უკვე, რომ მე მისი ადვოკატი ვარ და მან დამიქირავა. სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა ამ საქმეში”, – ამბობს ჭრელაშვილი.

ჭრელაშვილი იხსენებს, რომ იგი საქმეში 20 აგვისტოს ჩაერთო. ამ დროს ბექა ბექაურს თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია ჯერ გაკეთებული არ ჰქონდა. ადვოკატის თქმით, საქმეში დევს ბექაურის განცხადება იმის თაობაზე, რომ სურდა მისი ინტერესები ჭრელაშვილს დაეცვა.

“თავდაპირველად ჩემმა მეგობრმა დამირეკა, ეს იყო 20 აგვისტო, როდესაც ბრალს მიყენებდნენ. თვითონ ბექამ მოითხოვა, ადვოკატი მინდაო. იქ რა მოხდა, როგორ მოხდა ამდენი არ ვიცი. ჩემმა კოლეგამ დამირეკა და მთხოვა, რომ მე ვერ ვახერხებ და შენ თუ მოახერხებ, ასეთი სიტუაცია არისო და ოჯახის წევრებსაც შემდგომში დავუკავშირდებითო. კი, ბატონო. მე ვუთხარი, თუ ასეთი სიტუაციაა და რახან პატიმარი ითხოვს… აუცილებელი ხომ არ არის ჰონორარით გახვიდე.

მე როდესაც ჩავერთე, ბექას ოპერაცია გაკეთებული არ ჰქონდა. მას ოპერაცია გაუკეთდა გუშინ. 20-ის ამბავია, როცა მას ბრალი წაუყენეს. მე ბექას განცხადების საფუძველზე ჩავერთე. 20-ში ვნახე ბექა. ბრალის წაყენების დროს საავადმყოფოში მივედი და ვნახე. მე რომ ჩავერთე, უკვე აღიარებული ჰქონდა”, – ამბობს ჭრელაშვილი.

მზიანა სუბელიანმა დღეს ნეტგაზეთს უთხრა, რომ მაია ჭრელაშვილის საადვოკატო მომსახურებაზე უარი თქვა და აპირებს, რომ სახაზინო ადვოკატი ჩართოს საქმეში, რომელიც მის დისშვილს უფასოდ გაუწევს საადვოკატო საქმიანობას.

ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს სრულად აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ აფეთქებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა თვითონ, სხვებისაგან დამოუკიდებლად. მიზეზი კი არის ის, რომ “რუსეთს ვერ იტანს”. დღეს ჭრელაშვილმა რამდენჯერმე გააკეთა მედიისთვის კომენტარი: ის თავის დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ახსენებდა “ვაჰაბისტის მიმდევარს”, თუმცა საღამოს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და მზადაა ბოდიშიც მოიხადოს. ადვოკატის თქმით, მოტივზე საუბრისას მისი დაცვის ქვეშ მყოფი არავითარ სხვა ფაქტორებს, გარდა “რუსეთის სიძულვილისა”, არ ასახელებს..

ჭრელაშვილის თქმით, ბექა ბექაური ამტკიცებს, რომ მხოლოდ ის გეგმავდა აფეთქების განხორციელებას და ის ასაფეთქბელი მასალები თუ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო, მას ეკუთვნის. ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს ბრალდებულის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ ბექაური ცოლთან და ორ შვილთან ერთად სოციალური დაუცველის სტატუსის ქვეშ ცხოვრობს და უკვირს, როგორ მოახერხა ზემოსენებული საშუალებების მოპოვება. ჭრელაშვილის თქმით, ბექაური ამბობს, რომ ყოფილი სამხედროა და იარაღის შეძენა არ გაუჭირდებოდა. მისივე თქმით, ბექაური არ აკონკრეტებს, ვინ გადასცა ზემოხსენებული ასაფეთქებელი საშუალებები.

გუშინ, 22 აგვისტოს სუს-ის მიერ გავცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს 5 ადამიანი დააკავა მილსადენზე ტერაქტის ჯგუფურად ორგანიზების, 1 – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და 1 – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ბრალს მხოლოდ ერთი, ბექა ბექაური აღიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი