ახალი ამბები

გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულის შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

23 აგვისტო, 2016 • 1454
გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულის შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულ ბექა ბექაურზე შესაძლო ძალადობის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) დაიწყო. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

ამ საკითხზე განცხადება დღეს სახალხო დამცველმაც გააკეთა:

“22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულნი იქნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ბრალი ედებათ სოფელ საგურამოსთან მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქების მომზადება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად და ასევე დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, ბექა ბექაური დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების დროს, რაც გახდა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მიცემის საფუძველი. საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, ჩემი რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შეძლეს ბრალდებულთა მონახულება, რაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს.

სამწუხაროდ, გუშინ ახლად ნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკურ სისუსტის გამო ვერ მოახერხა გასაუბრება ჩემს წარმომადგენლებთან. ჩვენს მიერ ბექა ბექაური დღესაც იქნა მონახულებული და გამოკითხული, ასევე მოვიპოვეთ ჰისპიტალიდან და თბილისის ნომერ პირველი იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია.

ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას. კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელად 20 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე და მიუხედავად თავის ქალის ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, დაახლოებით ღამის 11 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანების გამო, როგორც ხდება ტრადიციულად. მრავლობითი დაზიანების გამო ბრალდებული ორჯერ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც, საბოლოო ჯამში, ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.

ამრიგად, შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ამავდროულად, მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. დღესვე მივმართე საქართელოს მთავარ პროკურორს, მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებულის, ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი