ნეტგაზეთი | გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ადამიანი დააკავა მილსადენზე ტერაქტის ჯგუფურად ორგანიზების, 1 – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და 1 – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

სუს-ის ცნობით, 5 ადამიანი დაკავებულია ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები საგურამოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდნენ.

1 პირი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, ხოლო მეშვიდე – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

გამოძიების ცნობით,  20 აგვისტოს აღნიშნული ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

როგორც სუს-ში აცხადებენ, მათ სამალავიდან ამოიღეს 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. “ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოიღეს რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ, – აცხადებს სუს-ი.

უწყების ცნობით,  გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს საქართველოს სსკ-ის 18 – 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით,  25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით,   236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით.

“იმედის” ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულებიდან რომელიმეს ჰქონდა თუ არა კავშირი უკრაინელ მებრძოლებთან (“იმიტომ, რომ თავად ეს პირები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დააკავეს მათიანები. თუ ჰქონდა რომელიმეს კავშირი უკრაინასთან და იქ მყოფ ქართველ მებრძოლებთან?”), სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა, სავლე მოთიაშვილმა უპასუხა: “გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია”.


შენიშვნა: ახალი ამბავი დაზუსტების მიზნის ჩასწორებულია – პირველად ვერსიაში გვეწერა, რომ “7 ადამიანი დააკავეს გაზსადენზე ტერაქტის ჯგუფურად ორგანიზების გამო”, სინამდვილეში კი, სუს-ის ვერსიით, ამ ბრალდებით დაკავებულია 5 ადამიანი, 1 – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, ხოლო მეშვიდე – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com