ახალი ამბები

ომბუდსმენი: ტერორიზმში ბრალდებული 11 საათი სამედიცინო დახმარების გარეშე იყო

23 აგვისტო, 2016 • 1722
ომბუდსმენი: ტერორიზმში ბრალდებული 11 საათი სამედიცინო დახმარების გარეშე იყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ტერორიზმში ბრალდებულის, ბექა ბექაურის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ 23 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა.  ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილის თქმით, ბექაური, როგორც თავად აცხადებს, 20 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე დააკავეს და მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად დაახლოებით ღამის 11 საათამდე არანაირი სამეციდინო დახმარება არ აღმოუჩინეს:

“ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას. კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 20 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე და მიუხედავად თავის ქალის ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, დაახლოებით ღამის 11 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს” – განაცხადა ომბუდსმენმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სახალხო დამცველის აპარატმა საავადმყოფოდან, სადაც ბრალდებულია მოთავსებული, ასევე, თბილისის ნომერ პირველი იზოლატორიდან, ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვა. ნანუაშვილის თქმით, სამედიცინო დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ ბექაური საახლოებით 23 საათზე შეიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში, თუმცა მრავლობითი დაზიანებების გამო იზოლატორმა ვერ მიიღო. მრავლობითი დაზიანებების გამო ბრალდებული ორჯერ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც, საბოლოო ჯამში, ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.

“ამრიგად, შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან, ამავდროულად, მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს ტერორიზმში ბრალდებულის, ბექა ბექაურის მიმართ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულ ბექა ბექაურზე შესაძლო ძალადობის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწიო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

გუშინ, 22 აგვისტოს სუს-ის მიერ გავცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს 5 ადამიანი დააკავა მილსადენზე ტერაქტის ჯგუფურად ორგანიზების, 1 – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და 1 – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი