ახალი ამბებისამართალი

გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

22 მაისი, 2017 •
გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებული ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის დამნაშავედ ცნო 1 პირი, ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის – საქართველოს საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი კიდევ ერთი პირი. ჯამში, სასამართლომ 7 პირს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. 19 მაისის განაჩენით:

  • ბ. ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით;
  • ჯ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19,3231 მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;
  • მ. ვ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით;
  • ვ. რ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231 მუხლის პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;
  • ნ.ჭ.-თვის სისხლის სამართლის კოდექსის 25,3231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
  • ლ.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
  • ი. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2016 წლის ივლისში ბ.ბ., ვ.რ., მ.მ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს ტერორისტული აქტის ჩადენა, კერძოდ: სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება, რაც წარმოშობდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარედ დეტალურად შეისწავლეს მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის გეოგრაფიული მდებარეობა და Google Earth-ის რუქაზე მონიშნეს მილსადენის საყრდენი წერტილები.

2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ბ.ბ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ მათ ნაცნობს, ნ.ჭ.-ს, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფ. ჩარგლიდან ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 20 აგვისტოს ბ.ბ. და ჯ.მ. ნ.ჭ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ლ.მ. რომელმაც დანაშაულის აღსაკვეთად რეაგირება არ მოახდინა. ასევე აღნიშნულზე ინფორმაციას ფლობდა ი. ბ. და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი