ახალი ამბები

“სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა” – აქცია მთავრობის კანცელარიასთან

20 აგვისტო, 2016 • 2269
“სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა” – აქცია მთავრობის კანცელარიასთან

“სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა”,- ეს სიტყვები ეწერათ დღეს, 20 აგვისტოს მთავრობის კანცელარიის წინ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზაებულ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

14063853_1349179941778001_6670796152545742995_n

აქცია, თეთრი ხმაურის მოძრაობა დემურ სტურუასთვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ . 20.08.2016 ფოტო თორნიკე შევარდნაძე

აქციის ორგანიზატორებმა კანცელარიის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ვიცეპრემიერის სახელზე მიმართვაც ჩააბარეს:

“22 წლის დემურ სტურუას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას აიძულებდნენ, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიციისათვის მინიჭებული ძალაუფლება აჭარბებს გონივრულ და ლეგალურ ფარგლებს. ის, რაც ნარკოპლიტიკით ინიღბება, სინამდვილეში, მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ფენებზე, პოლიციური კონტროლის, ძალადობისა და შანტაჟი მექანიზმს წარმოადგენს. დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციელმა, რომელსაც დემურ სტურუა წერილში ასახელებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით]. დემურ სტურუას ნათესავები ამბობენ, რომ მათ პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა არ აკმაყოფილებთ და მის დაკავებას ითხოვენ. როგორც სტურუა სიკვდილამდე დაწერილ წერილში წერს, პოლიციელმა იგი წაიყვანა სოფელ იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.

14066508_1349179925111336_8409091873055292456_o

აქცია, თეთრი ხმაურის მოძრაობა დემურ სტურუასთვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ . 20.08.2016 ფოტო თორნიკე შევარდნაძე

აქციის მონაწილეებს ოთხპუნქტიანი მოთხოვნა აქვთ:

[checklist]

  • პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.
  • თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.
  • შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.
  • დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

[/checklist]

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით, დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართება ამჯერად სამტრედიის პოლიციასთან. აქციის გამართვა 18:00 საათზე იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი