ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური მედალი გაინაღდა – ქართველი მოჭიდავე ფინალშია

19 აგვისტო, 2016 • 2241
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური მედალი გაინაღდა – ქართველი მოჭიდავე ფინალშია

ოქრო ან ვერცხლი – რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მეექვსე მედალი გაინაღდა. თავისუფალი ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი დაამარცხა (8:4) და ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დღეს შანსი აქვს, ლონდონის ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგი გააუმჯობესოს და რიოში ოქროს მედალი მოიპოვოს. წინა ოლიმპიურ თამაშებზე მან საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.

რიოს ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ რეი ჰიგუჩის შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტად შერაცხული ირანელი მსოფლიო ჩემპიონი ჰასან რაჰიმი დაამარცხა. რიო 2016-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ფინალი თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ის მეორე წრიდან ჩაერთო. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ორგზის მსოფლიო ჩემპიონ აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოუგო.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული ვერცხლის მედლის გარდა, მას არაერთი საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ორგზის და მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონია.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დრომდე 5 მედალი ჰქონდა მოპოვებული – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი – კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს დღეს ოქროს ან ვერცხლის მედალს შემატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი