რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა (4:3) და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მომდევნო შეხვედრაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება.

ქართველი მოჭიდავე 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. არაერთ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ორგზის და მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონია. ლონდონის ოლიმპიადაზე მან საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ. საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *