ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო 2016–ის ნახევარფინალში გავიდა

19 აგვისტო, 2016 • 2383
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო 2016–ის ნახევარფინალში გავიდა

რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა (4:3) და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველი მოჭიდავე 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველ შეხვედრაში ხინჩეგაშვილმა ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა. არაერთ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ორგზის და მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონია. ლონდონის ოლიმპიადაზე მან საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 5 მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ. საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი