ახალი ამბები

რამდენად არსებობს 2008 წლის მოვლენების გამეორების საფრთხე

3 აპრილი, 2012 •
რამდენად არსებობს 2008 წლის მოვლენების გამეორების საფრთხე

რამდენად არის 2012 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი ფართო მასშტაბიანი მოქმედებების განხორცილების შესაძლებლობა, გამოერდება თუ არა წელს 2008 წლის მოვლენები კვლავ.    

რადიო „ეხო მოსკვისთან“ საუბარში საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია რუსეთის მხრიდან საქართველოში სამხედრო საფრთხეს არ გამორიცხავს.

„ბევრი საერთაშორისო ფაქტორის გათვალისწინებით რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ნაბიჯებს ამ მხრივ ვერ ვვარაუდობ. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან არსებობს სურვილი, 2008 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს,“- განაცხადა ბოკერიამ.

2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესია, ბოკერიას აზრით, სწორედ საქართველოს კურსით იყო განპირობებული, რომელსაც ქვეყანა დღესაც აგრძელებს.

კითხვაზე რამდენად არის ახლა რუსეთის ინტერესებში 2008 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს,  კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სხვა არაფერი არ დარჩენია, გარდა იმისა რომ მუდმივად რუსულ საფრთხეზე ილაპარაკოს.

“უნდა ვუთხრათ, რომ რისიც მათ ეშინიათ უკვე მოხდა ეს დიდი ხანია და ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მაშინ უნდა ეფიქრათ ამაზე, როდესაც რუსეთი ცდილობდა საქართველო ჩაეთრია პროვოკაციაში და ჩაითრია კიდევაც. დღეს რუსეთს აღარ სჭირდება ის, რაც გააკეთა 2008  წელს. მას რაც უნდოდა ყველაფერი აიღო. დღეს საქართველოს ხელისუფლება არის გაკოტრებული და არაფერი არ დარჩენია გარდა იმისა, რომ ებღაუჭებოდეს მტრის ხატს რუსეთის სახით, რომელიც არსებობს რეალურად, მაგრამ რუსეთი დამშვიდებულია, მან თავისი მიიღო. რუსეთს სჭირდებოდა, რომ კავკასიაში ყოფილიყო გვლენიანი სახელმწიფო და ეს ასე არის, მან მიაღწია იმას, რომ საქართველო დიდხანს ვერ გახდება ნატო–ს წევრი, იმიტომ რომ რუსეთის ბაზები დგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთს მეტი არაფერი არ უნდა. სადაც კი ელოდნენ მათ, რუსები იქ შევიდნენ”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუცისვილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან არ არის გამორიცხული ურთიერთობების გართულება და მათგან სიტუაციების გამოყენების სურვილი.

“მაგრამ ამისათვის შესაბამისი სიტუაციები უნდა შეიქმნას, ანუ ცარიელ ადგილზე რუსეთი აგრესიას ვერ განახორციელებს. აქ საჭიროა  რომ მოხდეს ის სიტუაცია, რომელიც საქართველოს მხრიდან ტერიტორიების მიმართ შეიარაღებულ ქმედებას მოიცავს. არაპროვოცირებული რუსული აგრესია ჩემთვის მიზერული ალბათობის შემცველია”, – ვარაუდობს ხუციშვილი.

ასევე ქართული მხარის და ხელისუფლების მხრიდან საფრთხეების შეფსების კუთხით, აქცენტი კეთდება სექტემბერში რუსეთის მიერ კავკასიაში დაგეგმილ ფართომასშტაბოვან წვრთნებზე – “კავკასია–2012”.  

2012 წლის 29 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით მე-19 რაუნდზე  ქართულმა მხარემ მოითხოვა მიეღო ინფორმაცია ფართომასშტაბურ წვრთნებთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ საქართველოს განუმარტა, რომ სამხედრო წვრთნებში (“კავკასია 2012′) მონაწილეობას არ მიიღებენ სამხედრო შენაერთები, რომლებიც საკუთრივ რუსეთის ტერიტორიის მიღმა არიან დისლოცირებული.

რუსული მხარის შეფასებით, „კავკასია 2012″-ის სამხედრო წვრთნები მოიცავს მხოლოდ ოპერატიულ-საშტაბო სწავლებას. თუმცა,  ქართული მხარე დაელოდება რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების მხრიდან აღნიშნული განცხადების ოფიციალურ დადასტურებას და მდგომარეობის რეალურ განვითარებას, ვიდრე ხსენებულ სიტუაციას შემდგომ ოფიციალურ შეფასებას მისცემს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, “ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მოსკოვს მოწოდებით, დააფიქსირონ, რომ ჯერ ერთი, როგორც თვითონ აცხადებენ, ეს არის საშტაბო-სამეთაურო სწავლებები და მეორე მხრივ თქვან, რა მიზნებს ემსახურება ასეთი მასშტაბური სწავლებები. ჯერჯერობით ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ მოსკოვიდან და ამით შეშფოთებულია არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც”.

მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლება შემთხვევით არ ემთხვევა საქართველოში არჩევნებს.

მსგავს შეფასებას არ ეთანხმება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ სწორედაც შემთხვევით ემთხვევა ეს არჩევნები რუსეთის სამხედრო წვრთნებს.

“რუსეთი ყოველ შემოდგომაზე აკეთებს მსგავს გრანდიოზულ წვრთნებს. ასეთი შტერები ვგონივართ ვაშაძეს. ყოველ შემოდგომაზე რუსეთი გეგმავს ასეთ წვრთნებს. 2008–ში ხომ იყო ომი, ამ წელს იყო “კავკასია–2008”, 2007–შიც იყო წვრთნები – “კავკასია–2007” , 2009 წელსაც იყო “კავკასია–2009” , ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. საქართველოში რეგულარულად ტარდება არჩევნები შემოდგომაზე. ამიტომ რამდენჯერაც კი საქართველოში შემოდგომაზე დაინიშნება არჩევნები, იმდენჯერ დაემთხვევა რუსეთში, კავკასიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს. ნუ გვაბოლებენ. ის რაც ჩაიდინეს 2008–ში, ამაზე პასუხი მოეთხოვებათ, და ნუ იგონებენ კიდევ ზღაპრებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება, რამდენად არის მსგავსება იმ პროცესებს შორის, რომლიც საქართველოში 2008 წლის მოვლენებამდე ვითარდებოდა ნატოს ბუქარესტის სამიტის პერიოდში და ახლა ხდება ჩიკაგოს სამიტამდე.   

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სიტუაცია 2008 წლის პერიპეტიებთან შედარებით განსხვავებულია.

“2008 წლის გაზაფხულზე არავის ეგონა, რომ იქნებოდა ომის საშიშროება და ომი მოხდა და მოხდა ისე, რომ ჩვენც მივეცით გარკვეული საბაბი რუსეთს, რომ მერე შემოეყვანათ სატანკო შენაერთები და განეხორციელებინათ აგრესია. გარდა ამისა, ნატოს 2008 წლის ბუქრესტის სამიტზე იყო გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟი შექმნილი საქართველოსა და უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით, ვიდრე არის ახლა. ახლა უფრო ჩამქრალია სიტუაცია, გაცილებით უფრო ნაკლები შანსია ვიდრე 2008 წლის მარტში იყო, რომ ჩვენ მაპს მოგვანიჭებენ. ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ნაკლები ალბათობით მგონია, რომ ახლა ჩიკაგოს სამიტზე მივიღებთ მაპს. გარდა ამისა ჩვენ გვაშორებს ბუქარესტის სამიტისგან ომის პერიოდი, რომელმაც სერიოზულად შეცვალა სიტუაცია”, – მიიჩნევს ხუციშვილი.

კოალიცია “ქართული ოცნების’ წევრი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გიგა ბოკერიას განცხადებას შეუსაბამოდ მიიჩნევს, მის მიერ რამდენიმე თვის წინ ანალოგიურ თემაზე გაკეთებულ განცხადებაზე.

“შესაძლო ომის საფრთხეზე, სულ რამდენიმე თვის წინ მე მახსოვს ბოკერიას მხრიდან განცხადება, რომ ესეთი საფრთხე არ რსებობს, ამიტომ სულ მინიმუმ საქმე გვაქვს ერთმანეთთან შეუთავსებელ ორ სხვადასხვა პოზიციასთან”, – აღნიშნავს ალასანია.  

ზაქარეიშვილის შეფასებით ეს განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებამ ყურადღება გადაიტანოს იმ საფრთხეებზე, რომელიც აღარ არსებობს. უბედურება ის არის, რაც უკვე მოხდა და რაც მათ (ხელისუფლებას) კიდევ უნდა რომ მოხდეს, ანუ რაც მათ ელანდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი