ახალი ამბები

კოჟორიძე “ცენტრისტებზე” : პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს

14 აგვისტო, 2016 • 1338
კოჟორიძე “ცენტრისტებზე” : პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს

პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა ”ცენტრისტების” საარჩევნო კლიპის წინააღმდეგ.

კახა კოჟორიძის განცხადებით, სიტყვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს:

“მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე წინადადება ამბობს იმას, რომ საქართველო არის ერთიანი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო და როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ამბობს იმას, რომ საქართველოში დააკანონებს რუსული  ოკუპანტის ჯარებს,  რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება და პოზიცია. შესაბამისად, ასეთ დროს საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება ერთიანი ამ პოზიციაში,” – განაცხადა კოჟორიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია დეპუტატებს მოუწოდებს, მის ინიციატივას შეუერთდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს ლადო ბედუკაძის პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ.  ამის შესახებ მან დღეს,14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

“რესპუბლიკური პარტიის” შემდეგ ლადო ბედუკაძის პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გია ვოლსკი და ეკა ბესელია გამოდიან.

“მინდა გავაფრთხულო რესპუბლიკური პარტია და სხვა პარტიები, ცეცხლს ეთამაშებით. თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი, ვის შეხედულებასაც, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, იქნება ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აზრს დავეკითხები, ეს იქნება უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია მეორე. ყველა დანარჩენი ჩემთვის არარაობები ხართ, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩარეცხილი,” – ამბობს ლადო ბედუკაძე.

400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. შესაბამისი ვიდეორგოლი  საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში დღემდე გადიოდა. დღეს მაუწყებელმა რეკლამა ეთერიდან მოხსნა.  “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ვიდეორგოლის საკითხს ცესკოში გაასაჩივრებს.

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი