ნეტგაზეთი | საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ცენტრისტების” საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერიდან მოხსნა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ცენტრისტების” საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერიდან მოხსნა – Netgazeti
RU | GE  

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ცენტრისტების” საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერიდან მოხსნა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ცენტრისტების” საარჩევნო ვიდეორგოლი 400-ლარიანი რუსული პენსიის და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ ეთერიდან მოხსნა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რათა საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილონ და  შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

მაუწყებლის განცხადების თანახმად,  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება.

აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

“საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამის დათმობისთვის მომართა (საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულმა) პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ცენტრისტები“ და წარმოადგინა წინასაარჩევნო რეკლამა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონით დადგენილი წესით რეკლამა განათავსა პირველი არხის ეთერში. დამატებით გვინდა განვმარტოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასული არც ერთი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი არ გამოხატავს მაუწყებლის პოზიციას,” – აღნიშნულია ტელევიზიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მაუწყებელი ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, “ცენტრისტების” წინასაარჩევნო რეკლამას აჩერებს:

“საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები“ წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.”

400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. შესაბამისი ვიდეორგოლი გადის საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში. “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ვიდეორგოლს ცესკოში გაასაჩივრებს.

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.