ახალი ამბები

პრეზიდენტმა მიმოზა ცანავა ღირსების მედლით დააჯილდოვა

3 დეკემბერი, 2023 • 2183
პრეზიდენტმა მიმოზა ცანავა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა მიმოზა ცანავა.

მიმოზა ცანავა პოეტი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეას” და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაცია “ყავარჯნის” დამფუძნებელია:

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ის დღე და შესაძლებლობა, რომ გადაადგილება, რეგიონებში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა შესაძლებელი გახდეს. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელიც ამაში უნდა აისახოს.

თბილისში, იმ დღიდან, როცა რამდენიმე წლის წინ სიმონს ქუჩაში შევხვდი, ტროტუარზე ვერ გადადიოდა, გადასასვლელიც არ იყო, მართალია ბევრი რამ შეიცვალა, ალბათ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა, თუმცა ქალაქში უფრო მოხდა ცვლილებები, ვიდრე რეგიონში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ჩვენი რეგიონები ნამდვილად ევროპული რეგიონები გავხადოთ“ — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა:

„დღეს აღინიშნება შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყოველწლიურად ამ დღეს გააჩნია თავისი თემა, წელს ეს თემა გახლავთ – ერთად ვიმოქმედოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის.

მდგრადი განვითარების მიზნები თავის თავში მოიცავს იმას, რომ არავინ არ უნდა დარჩეს იმ სიკეთეების მიღმა, რაც ამ მიზნების მიღწევით შეიძლება და სწორედ მდგრადი განვითარების მიღწევა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ შშმ პირების ჩართულობით და სრული მონაწილეობით ამ მიზნების მიღწევაში.

მართალია, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით, იგივე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრესი, მაგრამ ბარიერები კვლავ რჩება და ამ ბარიერებზე საუბრისას მინდა ვისაუბრო ქალბატონ მიმოზაზე, რომელიც მართლაც არის მაგალითი ამ ბარიერების დაძლევის.

მოგეხსენებათ სიტყვას აქვს დიდი ძალა და მე მისი შემოქმედებიდან დამამახსოვრდა ორი სიტყვა – ბედთან მორკინალი. სწორედ იმის მერე ვირწმუნე და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწყო ჭიდილი ბედთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი