ახალი ამბები

სამართლიანი არჩევნები “რუსულ ბაზებზე” საარჩევნო კლიპის გამო ცესკოს მიმართავს

14 აგვისტო, 2016 • 1883
სამართლიანი არჩევნები “რუსულ ბაზებზე” საარჩევნო კლიპის გამო ცესკოს მიმართავს

400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. შესაბამისი ვიდეორგოლი გადის საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში. “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ვიდეორგოლს ცესკოში გაასაჩივრებს.

ლადო ბედუკაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი უნდა გახდეს, რაც “რუსული ბაზების დაკანონებასაც” მოიცავს. მისი თქმით, “ცენტრისტების” მიზანი ქართულ-რუსული იმპერიის შექმნაა:

“ჩვენ  რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი უნდა გავხდეთ და არა ამერიკის შეერთებული შტატების, ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსი. განსხცავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილი წააქეზეს და საქართველო პოლიგონად გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ და მხოლოდ წყლის გამოგზავნის ამარა დარჩა საქართველო ამ პროვოკაციაში, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ პარტნიორობას ნიშნავს, ისე როგორც სომხეთთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა სახმელეთო და საჰაერო სივრცის ერთობლივი დაცვაზე, ” – ამბობს ბედუკაძე და აღნიშნავს, რომ პარტიის მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი ქართულ-რუსული იმპერია.

კითხვას, არის თუ არა ეს საქართველოს სუვერენიტეტის დათმობა, ბედუკაძე პასუხობს:

“საქართველო დამოუკიდებელი არ არის. საქართველოს დამოუკიდებლობა მითი და ზღაპარია. დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა მონობას ნიშნავს. ამერიკის საელჩოდან არ უნდა იმართებოდეს პროცესები, დამლაგებელიც კი ვერ ინიშნება [ელჩის ნებართვის გარეშე] სახელმწიფო უწყებებში. ჩვენი მიზანია, ანალოგიური სიტუაცია აღარ გაგრძელდეს,  ვგულისხმობთ რუსეთთან მიმართებაშიც, ჩვენ არავის მონა უნდა ვიყოთ. ასეთი ნეიტრალიტეტის იდეა, რომელიც პოლიტიკური პარტიებიდან ისმის, არის დამღუპველი. ეს უფრო  დიდი პოლიტიკური ბოროტებაა, ვიდრე ევროატლანტიკური მისწრაფება. ”

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიროგი გვიმრაძე ამბობს, რომ არხს რეკლამის გაშვებაზე უარის თქმის ან მის შინაარსში ჩარევის უფლება არ აქვს:

“ვიზიარებთ იმ შეშფოთებას და მდგომარეობას, რომელიც აქვს საზოგადოებას გასულ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით. მინდა პირველ რიგში განვმარტო ის ნაწილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა და მათ შორის ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში. კანონმდებლობა ამას ცალსახად გვავალდებულებს, შესაბამისად, რეკლამა განთავსდა ეთერში. ”

მისივე განცხადებით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და თანამშრომლები რეკლამის შინაარსს ემიჯნებიან.

” სამწუხაროა, ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი იმისა, რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება,”- ამბობს გვიმრაძე.

“სამართლიანი არჩევნების” დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებელს კლინამდვილად არ აქვს ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე უარის თქმის საშუალება:

“ტექნიკური მიზეზებით თუ შეაფერხებდა რეკლამის ეთერში გაშვებას. ვთქვათ, ცესკოსთან ან მარეგულირებელ კომისიასთან კონსულტაციის  მიზნით, მაგრამ სხვა საკანონმდებლო ბერკეტი, რომლის საფუძველზე მაუწყებელი უარს იტყოდა რეკლამის გაშვებაზე, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ”

“სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო კლიპს ცესკოში გაასაჩივრებს. ბენიძის თქმით,  “ცენტრისტების” კლიპი საარჩევნო კოდექსს არღვევს აგიტაციის წესების ნაწილში:

“საარჩევნო დაპირებები არ უნდა შეიცავდეს ქვეყნის სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მოწოდებებს. ამ ნაწილში აგიტაციის წესების დარღვევა სახეზეა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ცესკოში გავასაჩივროთ. თუ ცესკო დაადგენს, რომ დარღვევა სახეზეა, ორი ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრება პარტიას. ცესკო უგზავნის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს სასამართლოს და სასამართლო ამტკიცებს. ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ კლიპი ეთერიდან მოიხსნება, ” – აღნიშნავს ბენიძე.

ლადო ბედუკაძის თქმით, მისთვის სულერთია, ვის მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები:

“ვისაც უნდა იმას მიმართონ. ჩემთვის არც ბენიძეა ვინმე, არც კოჟორიძე, არც გიგაური და არც სხვა ვინმე. ყველა წარმოადგენს ამერიკის დაზვერვის ფილიალებს საქართველოში. მე მათგან ქება მეწყინებოდა.”

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი