ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილება “ცენტრისტების” ოთხასლარიან რუსულ პენსიაზე [დოკუმენტი]

14 აგვისტო, 2016 • 4506
სასამართლოს გადაწყვეტილება “ცენტრისტების” ოთხასლარიან რუსულ პენსიაზე [დოკუმენტი]

თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 აგვისტოს გამოაქვეყნა სამოტივაციო ნაწილი სარჩელზე, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვის გამო პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება.

სარჩელით სასამართლოს “სამართლიანმა არჩევნებმა” მიმართა, რადგანაც ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ ამომრჩევლისთვის ხელშეკრულების შეთავაზება, რომელშიც მითითებულია, რომ ამომრჩევლები მიიღებენ რუსულ პენსიას 400 ლარის ოდენობით, წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას.

სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში წერს:

“მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ – “მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება -ცენტრისტებმა” ამომრჩეველს შესთავაზეს მათი ხედვა, თუ როგორი იქნება სახელმწიფოს სოციალური [საპენსიო] პოლიტიკა არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსია თავისი შინაარსით სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმია, რაც გულისხმობს იმას, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ფორმას მხოლოდ სახელმწიფო განსაზღვრავს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ხოლო, მეორე მხრივ, მისი უზრუნველყოფა, გარდაქმნა და ა.შ მხოლოდ იმ პოლიტიკური გაერთიანების კომპეტენცია იქნება, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს და ამ გზით მოიპოვებს პოლიტიკურ ხელისუფლებას”.

თუმცა გაერთიანება “ცენტრისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო ბედუკაძემ, რომელიც სარჩელის ერთ-ერთი მოპასუხე იყო, 13 აგვისტოს ნეტგაზეთის კითხვებს 400-ლარიან რუსულ პენსიასთან დაკავშირებით უპასუხა და მას “ქართულ პენსიაზე დანამატი უწოდა”:

“ჩვენი პარტია გამოთქვამს მზადყოფნას, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალეებს, პენსიონერებს, მისცეს საშუალება, ისარგებლონ ასეთი, ე.წ “რუსული პენსიით”. ეს იქნება ჩარიცხვა საქართველოს ბიუჯეტში, ეს იქნება ხელშეკრულების დადება საქართველოს სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციას შორის და ა.შ, – ეს ტექნიკური საკითხებია. მთავარია, ჩვენი პარტია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ თითოეულ ქართულ ოჯახს დაეხმაროს დამატებით. ეს არ ნიშნავს, რომ ქართული პენსია იცვლება რუსულით, ან უარი თქვან ქართულ პენსიაზე ამომრჩევლებმა. ეს არის დანამატი ქართულ პენსიაზე, როგორც კეთილი ნება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ამით ქართველი მოქალაქეები უარს არ იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე. ვისაც სურვილი ექნება, ის აიღებს. თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე პენსიონერს, ვისთანაც ჩვენ გვქონია შეხება, უარი ეთქვას აღნიშნულ დახმარებაზე, აღნიშნულ ინვესტიციაზე პირდაპირი მნიშვნელობით.”

სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად, რომლის გასაჩივრებასაც სამართლიანი არჩევნები აპირებს, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი