ახალი ამბები

კოალიცია: ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ჩანაცვლებას დადგენილება არ უშვებს

4 აგვისტო, 2016 • 1297
კოალიცია: ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ჩანაცვლებას დადგენილება არ უშვებს

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეობის სამწევრიან სიაში ევა გოცირიძის კანდიდატურის ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა კანდიდატების შემრჩევი კომისიის მუშაობის მარეგულირებელი დადგენილება.

კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დირექტორი ნინო ელბაქიძე ამბობს, რომ მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში, რომელიც არეგულირებს კომისიის მუშაობის პროცესს, გაწერილი არ არის კანდიდატის შეცვლის პროცედურა.

“რაც გააკეთა მთავრობამ, ამას არ ითვალისწინებდა მთავრობის დადგენილება”, – განაცხადა ნინო ელბაქიძემ.

ნინო ელბაქიძის თქმით, ეს პროცედურა იყო გაუთვალისწინებელი და მთავრობამ თითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომელი კანდიდატი უნდა ჩაენაცვლებინა, რომელი კანდიდატით.

“მქონდა ვარაუდი, რომ ევა გოცირიძე შესაძლოა სამეულში გვეხილა, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ის სამეულში არ აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ჩვენი ვარაუდები მაინც გამართლდა”, – ამბობს ელბაქიძე.

ნინო ელბაქიძე საუბრობს მთავრობის ქმედებაზე, რომლითაც, მან სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან (გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე) ერთის, ნანა მჭედილიძის კანდიდატურის ნაცვლად ევა გოციძირის კანდიდატურა წარადგინა.

კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გაუგებარია, ჩანაცვლების დროს, რა ობიექტური პრინციპებით იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობამ, რადგან ევა გოცირიძეს ნანა მჭედლიძეზე ნაკლები ქულა ჰქონდა.

ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი იყო და კონკურსში მონაწილეობდა, კომისიის საქმინაობაში სხვა ხარვეზებსა და კითხვის ნიშნებზე საუბრობს.

ნაცვლიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკურსის მიზანი იყო გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით აერჩიათ მოსამართლეობის კანდიდატები, კომისიის საქმიანობა შეიცავდა ხარვეზებს.

“სამწუხაროდ, იმ პროცესმა, რომელშიც უშუალოდ ვიყავით ჩართული, გვაჩვენა, რომ ეს ინიციატივა ძალიან მალე გადაიქცა ფიქციად. სინამდვილეში, არანაირი გამჭვირვალობა, ობიექტურ შეფასებაზე დაფუძნებული არანაირი პროცესი არ წარმართულა”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი საუბრობს ინტერესთა კონფლიქტზე, რომელიც გამოიწვია იმან, რომ კომისიას ხელძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, კომისიის სამდივნო კი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული.

შეფასების სისტემების ბუნდოვანება არის კიდევ ერთი საკითხი რაზეც ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. იგი ამბობს, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში მოითხოვდა, რომ ქულები დაწერილიყო თითოეული კომპონენტის მიხედვით, და არა ზოგადი ქულები. მისი თქმით, ასევე უნდა დაესაბუთებინათ თავიანთი ქულები შემფასებლებს, რაც არ გაითვალისწინა კომისიამ.

ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრო მოიქცა მიკერძოებლად, რადგან მხოლოდ გიორგი პაპუაშვილის, ერთ-ერთი კანდიდატის, ქულები გამოაქვეყნა, ხოლო სხვა კანდიდატებისა – არა.

სამი არჩეული კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საპარლამენტო ასამბლეა აირჩევს არაუმეტეს 9 წლის ვადით 2016 წლის შემოდგომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი