ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრს არარსებულ ვაკანსიაზე ირჩევენ

29 ოქტომბერი, 2021 • 1447
იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრს არარსებულ ვაკანსიაზე ირჩევენ

31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს უფლებამოსულების ვადა არ ამოუწურავს და საბჭოში არ ამბობენ, ვისი ჩანაცვლება იგეგმება.

როგორც “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, არის შემთხვევები, როდესაც წევრს წინსმწრებად ირჩევენ და უფლებამოსილების ვადას შემდგომი პერიოდისთვის განუსაზღვრავენ, ან ხდება წევრის ჩანაცვლება. თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ აკეთებენ კომენტარს, რა მიზეზით ხდება ამჯერად ახალი წევრის არჩევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევას.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა არ ამოუწურავს, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა. უცნობია, საბჭოს რომელი წევრი ტოვებს შემადგენლობას და რა საფუძვლით. ასევე უცნობია ახალი წევრის კანდიდატების თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გარანტი უნდა იყოს, წლებია, ხელისუფლებასთან ერთად, თავად იქცა მართლმსაჯულების დამაზიანებელ ერთ-ერთ მთავარ აქტორად. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები მაღალი პროფესიული და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე აირჩეოდნენ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება საპირისპიროს აჩვენებს. შედეგად, საბჭოს შემადგენლობაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ან მათთან დაახლოებული პირები ხვდებიან”, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია ხაზს უსვამს, რომ 19 აპრილის შეთანხმების გაფორმების პარალელურად, 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ფონზე, საბჭოს შემადგენლობის ფაქტობრივი განახლების მოლოდინი არსებობდა, თუმცა 2021 წლის მაისში მოსამართლეთა კონფერენციამ 4 მოსამართლე წევრი აირჩია, მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ” უარი განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრების საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე დანიშვნაზე. შედეგად, დაახლოებით 5 თვეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი არ ჰყავს, რაც კოალიციის შეფასებით, წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების დანაწილების არსებულ კონსტიტუციურ ლოგიკასთან და მნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების ინსტიტუტების სანდოობას.

“იმ ფონზე, როდესაც საბჭოს შემადგენლობა და წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, ასევე, არსებობს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტური პოზიცია, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისთვის გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასეთ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, ძალაუფლების განმტკიცების სურვილით ცდილობს ნაჩქარევად, რეფორმების არარსებობის პირობებში მიიღოს ეს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება”, — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, თავი შეიკავონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისგან, ვიდრე არ განხორციელდება საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება.

ასევე, მიმართავს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა, მათ შორის, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. კერძოდ, შეიქმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველს.

მასალების გადაბეჭდვის წესი