ახალი ამბები

საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ანკარაში 19 ივლისს გაიმართება

18 ივლისი, 2016 • 1205
საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ანკარაში 19 ივლისს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

“თურქეთის პრემიერ- მინისტრმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან თურქეთის სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამავე პრესრელიზის მიხედვით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ 19 ივლისს ანკარაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა.

“გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი