რომელ დღეს დაიღუპა ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო– 20 თებერვალს, ანუ მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი თავად იმყოფებოდა ავღანეთში, თუ 21–ში, როგორც შემდგომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა.
საქართველოს ექს–საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველის ჯარისკაცები ავღანეთში 20 თებერვალს დაიღუპნენ.
“20 თებერვალს გარდაიცვალნენ ჩვენი ჯარისკაცები, ანუ იმ დღეს, როცა სააკაშვილი ადგილზე იმყოფებოდა…. ეს დაუმალეს ქართველ ხალხს … და ასეთ მტკივნეულ საკითხზე პრეზიდენტი იტყუება ოფიციალურ განცხადებაში, როცა ამბობს, რომ ავღანეთიდან მომაწვდინეს ამბავიო …. ოფიციალურად უნდა დაისვას კითხვა პარლამენტში იმის შესახებ, თუ რა გარემოება განაპირობებს ამ ტყუილებს….უნდა გამოვითხოვოთ ყველა დეტალები ამ ტრაგედიის შესახებ…პარლამენტარებს შეუძლიათ ასევე NATO-ს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მიმართონ დამატებითი ინფორმაციისათვის. მთელ ერს და პირველ რიგში, დაღუპულ სამხედროების ოჯახებს აქვთ უფლება, სიმართლე გაიგონ!” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
აქვე ზურაბიშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის, ISAF-ის მიერ 20 თებერვალს გამოქვეყნებული რელიზი გაავრცელა. აღნიშნულ რელიზში აღნიშნულია, რომ ავღანეთის დასავლეთით 20 თებერვალს სამი სამხედრო დაიღუპა. თუმცა მათი ეროვნება არ არის მითითებული.
იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყნის სამი სამხედრო (იყვნენ თუ არა ისინი ქართველები) დაიღუპა აღნიშნულ დღეს ავღანეთის დასავლეთით, “ნეტგაზეთი” ამ საკითხთან დაკავშირებით ავღანეთში ISAF–ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, საიდანაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქართველი სამხედროები 21 თებერვალს დაიღუპნენ.
“ნეტგაზეთმა” გამოარკვია, რომ აღნიშნულ რელიზში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა, საუბარია სამ დაღუპულ იტალიელ ჯარისკაცზე, რომლებიც, ძირითადად, ავღანეთის დასავლეთით, ჰერატის პროვინციაში არიან განლაგებულნი.
ISAF–ის ვებ-გვერდზე განთავსებულია კიდევ ერთი პრეს-რელიზი, რომელიც დათარიღებულია 21 თებერვლით და რომელშიც ასევე 3 სამხედროს დაღუპვაზეა საუბარი. პრეს-რელიზის მიხედვით, ეს სამი სამხედრო 21 თებერვალს ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა, სწორედ იქ, სადაც ქართველები არიან ბაზირებულნი.
ეჭვი ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ აშშ–ის საელჩოს ვებ–გვერდზე ქართველი სამხედროების შესახებ გამოქვეყნებულ სამძიმრის განცხადებაში გამოქვეყნების თარიღი მითითებული არ იყო.
“ეს ტექნიკური შეცდომაა. თუ დააკვირდებით, სამძიმრის წერილი გამოქვეყნებულია მდივან კლინტონის 21 თებერვლის ბიზნესკონფერენციის თავზე, ანუ ეს, როგორც ჩანს, არის ტექნიკური შეცდომა, რომელსაც გამოვასწორებთ. რაც შეეხება გამოქვეყნებას, გამოქვეყნების მიხედვით, ის გამოქვეყნებულია 21 თებერვლის განცხადების თავზე,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” აშშ–ის საელჩოში.
ამჟამად ჯონ ბასის სამძიმრის განცხადება, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე, 22 თებერვლითაა დათარიღებული.
თავდაპირველად ეჭვი იმის თაობაზე, თუ როდის და რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი სამხედროები ავღანეთში, მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამხედრო ექსპერტმა და “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გაზეთ “რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების დაღუპვა ავღანეთში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს უკავშირდებოდა.
„სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია მოაწყო და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ჯარისკაცები სწორედ ამ სპეცოპერაციას შეეწირნენ. თუმცა, დეტალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს, ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს, ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისთვის,” – ივარაუდა სესიაშვილმა.
მოგვიანებით ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ვარაუდი “ემოციური ფონით” იყო განპირობებული:
“ჩემთვის, როგორც ერთი ქართველი ადამიანისთვის და როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტისთვის, განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული იყო ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი და ინფორმაციის მიღებისთანავე გაკეთებული შეფასებაც სწორედ ამ ემოციური ფონით იყო განპირობებული”, – აღნიშნა სესიაშვილმა.