დღეს კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელმა ოთხმა არასამთავრობო ორგნიზაციამ საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე მასთან შეხვედრაზე განიხილა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობოებმა (“საერთაშორისო–გამჭვირვალობა, საქართველო”, “ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისათვის”) მიიღეს პირობა, რომ ვეფხვაძის ინიციატივაში გარკვეული შესწორებები შევა.
“ჩვენი შეხვედრა დასრულდა ისე, რომ მივიღეთ პირობა, რომ გადაიხედება და შეიცვლება რაღაცეები კანონპროექტში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა შეიცვლება და როგორ სახეს მიიღებს ეს. შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი ეჭვები და პრობლემები გაგვეზიარებინა და მგონი, დავარწმუნეთ ინიციატორი ავტორი, რომ ძალიან პრობლემურია ეს კანონპროექტი და ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც აუარესებს მდგომარეობას. მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ გადაიხედება, მაგრამ არ ვიცით, ეს იქნება თუ არა იდენტური ჩვენი ინიციატივის. ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, კანონში შევიდეს ის ცვლილებები, რაც ჩვენ მოვამზადეთ,” – აღნიშნავს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.
კანონპროექტის ავტორი, ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ საბოლოო ჯამში ერთობლივად მოხდეს პლენალურ სხდომაზე კანონპროექტის გატანა.
“შესაძლოა, ერთობლივად მოხდეს პლენალურ სხდომაზე კანონპროექტის გატანა. ერთ–ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოვუხსნათ არასამთავრობოებს ის საფრთხეები, რომლებიც მათ აქვთ, ხოლო თუ მათ ჩვენს ვარიანტში დაინახეს ეს საფრთხეები, ესენი უნდა შესწორდეს,” – აღნიშნავს ვეფხვაძე.
მისივე თქმით, თუკი კომიტეტი აიღებს საფუძვლად იმ წინადადებას, რომელიც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მზად არის, რომ ეს ინიციატივა საერთოდ გამოიტანოს და იყოს მხოლოდ მათი, არასამთავრობოების ინიციატივა და აქვე დასძინა: “ოღონდ გარკვეული პრინციპები, რომლებიც ჩემთან არის და არასამთავრობოებთან არა, იმედი მაქვს, რომ აღმოჩნდება საბოლოო დოკუმენტში”.
კითხვაზე, რა არის ვეფხვაძისთვის ერთ–ერთი პრინციპული პოზიცია მისეულ კანონპროექტში, ის პასუხობს: მიმაჩნია, “რომ საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტი წარმოადგენს კოლოსალურად დიდ თანხას და 251 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის რეგულაციისას უნდა მოხდეს მისი განახევრება (“პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს”). ამიტომ სჯობს ეს შეზღუდვები არსებობდეს და თანაბარი იყოს მდგომარეობა პარტიებისთვის. ამას ვამბობ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე. და იმის მიხედვით, ვინ შემოდის პოლიტიკურ ავანსცენაზე, არ ვიცვლი ჩემს პოზიციას, არც ახლა და არც მომავალში. ჩემთვის ეს პრინციპული საკითხია”.
ამჟამად პარლამენტში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული. ერთი კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ვეფხვაძეა, ხოლო მეორეს ინიციატორი ოთხი არასამთავრობოა.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მათი ინიციატივა უფრო კომპლექსურია და ბევრად უფრო მეტ პრობლემასა და საკითხს ეხება.
“პარტიასთან დაკავშირებული პირების მცნება ამ შემთხვევაში ძალიან ფართოა და ჩვენ გვაქვს ეს განმარტებული. ჩვენ გვაქვს დეტალური რეგულირება, თუ რა შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს შემოწირულობის წესების დარღვევისთვის პირი და რა შემთხვევაში შეიძლება ის გაუთანაბრდეს პარტიას. ასევე, სისხლის სამართლის ცვლილებებზე საერთოდ არ არის ვეფხვაძის კანონპროექტში საუბარი,” – აღნიშნავს ჩუგოშვილი.
საბოლოოდ რა ფორმაზე შეთანხმდებიან მხარეები და რომელ კანონპროექტზე შეჩერდება ყურადღება საკომიტეტო მოსმენებზე, თუ მოხდება ერთიან ფორმაზე ჩამოყალიბება, ეს ჯერ უცნობია.