დავით ბერძენიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საარჩევნო კამპანიის ლიდერი იქნება

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიის სიის სათავეშია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ 12 ივლისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელსაც ბერძენიშვილმა “მეორე ფრონტი უწოდა”, 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

“ეს ჩვენი არჩევანია, ეს ჩემი პერსონალური არჩევანიცაა, ჩემი ვალდებულებაცაა – ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების შემაჯამებელ ეტაპზე მე ვბრუნდები იქ, ბათუმში, მშობლიურ ქალაქში, სადაც თავისუფალმა მოქალაქეებმა 25 წლის წინ მომცეს გზა ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა:

“მაშინ მე მანდეს მათი სახელით, ბათუმელების სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერა და არა რომელიმე კომუნისტს ან ულტრანაციონალისტს. უინტელექტო და წითელი არჩევანი მაშინ ბათუმმა დაძლია. და დღესაც მრავალპარტიულობის იმედით და წინა ხელისუფლებების დამარცხების იმედით დაძლეული წარსულის და დასაძლევი აწმყოს რეალური შანსით ვბრუნდები მე მშობლიურ გარემოში, მშობლიურ ქალაქში”.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი ბათუმელების მიერ არჩეულმა მოაწერა. პრესკონფერენციაზე მან მოიხსენია ბათუმელი არჩილ ტოტოჩავაც,  რომელიც მისი თქმით, 70-იან წლებში საათობით იდგა ზღვის პირას და “ჯიუტად გვაიმედებდა”, რომ ნატოს მეექვსე ფლოტი აქედან შემოვიდოდა საქართველოში”:

“ნატოს მეექვსე ფლოტი შემოდის საქართველოში სწორედ იქ, იმ ადგილას, ბათუმის ნაპირებთან. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელია ამ პროცესის მთავარი მონაწილეც და მთავარი მასპინძელიც”.

ბერძენიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს მეორე პოლიტიკურ ფრონტს უწოდებს:

“ისევე როგორც ადრე, ახლაც რესპუბლიკელები ვქმნით თავისუფლების საყრდენს ამ ფრონტზე”.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რესპუბლიკური პარტია მარტო, “ეულად” იღებს აღჩევნებში მონაწილეობას:

“რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო სუბიექტი “უსუფაშვილი-რესპუბლიკელები”, არის თავისუფალ ადამიანთა ერთობა, ისევე როგორც შორეულ, ჩვენი მარათონის 39-ე წელს, რესპუბლიკელებმა შევძელით დაგვეძლია საბჭოთა წარსული და ჩვენ კვლავ მარტო გვიწევს ქართული პოლიტიკური მარათონის გავლა.  კვლავ ეულად ვუმკლავდებით თავისუფლებისკენ მიმავალ გზას, კვლავ მარტონი შევუდექით ვიყვეთ არავისი და ვემსახუროთ არავის. ეს სიტყვები წერია 1979 წელს გამოცემულ ჟურნალ სამრეკლოში”.

12 ივნისს რესპუბლიკური პარტიის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი დავით უსუფაშვილი იქნება, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დატოვა რესპუბლიკური პარტია.

რესპუბლიკელების კიდევ ორი მინისტრი თანამდებობებს უახლოეს ხანში დატოვებს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა 12 ივნისს განაცხადა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რესპუბლიკურმა პარტია კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენლობაში შედიოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი