თაქალი – სოფელი წყლის გარეშე

„ჭაბურღილი გავაკეთეთ და არტეზიულ წყალს ვსვამთ. ამ წყლის გამო თირკმელები დაგვიავადდა,“ – აცხადებს მარნეულის რაიონის სოფელ თაქალში მცხოვრები 64 წლის მალაქ მამმადოვა და ჩაიდანის ძირში დალექილ სქელ ფენას გვაჩვენებს, – „ირგვლივ იმდენი მთა და წყაროა, მაგრამ სოფელში სასმელი წყლის შემომყვანი არავინაა.“

თაქალის ტერიტორიაზე მდინარე ხრამი მოედინება. თუმცა მოსახლეობა მის წყალს არ იყენებს. ხრამს მდინარე დებედი უერთდება, რომელიც სომხეთში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ მიიჩნევა:

„ხრამის წყალს ვერ ვიყენებთ, გვეშინია. წლებია, იძულებული ვართ, ჭის წყალი დავლიოთ. ამ სოფელში 780 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები ჩვენი პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულან,“ – ამბობს ჯაბარ ნურიევი.

მდინარე ხრამი მტკვარს უერთდება, მტკვარი კი საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაედინება. აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საკუთარი კვლევებით არაერთხელ დაადასტურა, რომ მტკვრის წყალი დაბინძურებულია, დაბინძურების მთავარი მიზეზი კი ხრამში სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებეული მდინარე დებედის წყლის ჩადინებაა: ფერადი მეტალურგიის, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობის ნარჩენებით დებედი ვანაძორში, ალავერდსა და სტეფანაკანში ბინძურდება.

თაქალში მცხოვრები ნაზლი ნაბიევა ამბობს, რომ ხრამის წყლის დალევის გამო მათ საქონელი დაეხოცათ:

Foto 2

„მდინარის წყლის მოხმარების გვეშინია. იძულებულები ვართ, ხელები ვიმტვრიოთ და წყალი ისევ ჭაბურღილებიდან ამოვიღოთ. ჩვენ ჭა არ გვაქვს და წყალს მეზობლის ჭიდან ვეზიდებით. მანამდე მდინარის წყლის დალევის გამო საქონელი დაგვეხოცა. სიცოცხლით ხომ არ გავრისკავთ?! სოფელში ამდენი ოჯახი და ბავშვია.“

თაქალს არც ბუნებრივი გაზი მიეწოდება:

„ოჯახში 9 სული ვართ. ჭიდან მოტანილი წყლით კვირაში ერთხელ ვბანაობთ. 9 ადამიანის დაბანისთვის საჭირო წყლის გაცხელებას ერთი ბალონი გაზი სჭირდება. გაზის ერთი ბალონის დატვირთვა კი 20 ლარი ღირს. მიწა ჩვენ არ გვაქვს და ფაბრიკა-ქარხნები აქ არ არის, რომ ვიმუშაოთ და ფული ვიშოვოთ. ახალგაზრდები უმუშევრობის გამო ან თურქეთში გარბიან, ან რუსეთში,“- ამბობს ჯუმშუდ ალიევი.

მარნეულის გამგებლის წარმომადგენელი ელშან ჰასანოვი აცხადებს, რომ თაქალის წყლით მომარაგებისთვის ახალი პროექტი მზადდება:

„სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მარნეულის რაიონის ბევრ სოფელშია. პრობლემის მოგვარების მიზნით ახალი პროექტი დავგეგმეთ, რომელიც 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2 წელში დასრულდება.”

საქართველოს რეგიონული წყალმომარაგების მარნეულის ფილიალის ტექნიკური მენეჯერი, როვშან ბაბაქიშიევი ამბობს, რომ ამ პროექტისათვის აზიის განვითარების ბანკმა 65 მილიონი დოლარი გამოყო.

ორგანიზაცია „დემოკრატიის მტრედი“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემებს იკვლევს. ორგანიზაციის თავმჯდომარე, საბინა თალიბოვა აცხადებს, რომ მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე სასმელი და სამეურნეო წყლის არარსებობა მოსახლეობას ბევრ პრობლემას უქმნის:

„სარწყავი წყლის არარსებობის გამო გვალვა მოსავალს ანადგურებს. ამის გამო მოსახლეობაში მიწაზე მუშაობის მოტივაცია კლებულობს. ბევრ სოფელში სასმელი წყალიც არ არის. წყლით მომარაგებულ სოფლებში კი წყლის მილი მხოლოდ სოფლის ცენტრამდეა მიყვანილი, სახლებში წყალი არ შედის. იგივე პრობლემაა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებშიც”.

მალაქ მამმადოვას სახლში წყლით სავსე ორი სათლი მიაქვს. მან ამ წყლით 8-სულიანი ოჯახის ტანსაცმელი უნდა დარეცხოს.

Foto 1-2

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი