ახალი ამბებისამართალი

ვანო მერაბიშვილი vs საქართველო- 14 ივნისს ევროსასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

10 ივნისი, 2016 • 1976
ვანო მერაბიშვილი vs საქართველო- 14 ივნისს ევროსასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.

ამის თაობაზე ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლო პარასკევს, 10 ივნისს ავრცელებს.

საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საჩივარს მის წინააღმდეგ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი  სამი მუხლით წაუყენეს -ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე და ძალაში დატოვა.

ვანო მერაბიშვილის მოგვიანებით კიდევ რამდენიმე  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

2014 წლის თებერვალში  ქუთაისის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა  4 წლით და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

მერაბიშვილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 თავის რამდენიმე პუნქტის და მე-18 მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2013 წლის 22 მაისს მიღებული გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე ეფუძნება გაუგებარ სამართლებრივ წესს. ვანო მერაბიშვილი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გზით ის, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჩამოაშორა პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებლობა არ მისცა  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი