ახალი ამბები

არასამთავრობოები ახალციხის მერიას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ

8 ივნისი, 2016 • 1583
არასამთავრობოები ახალციხის მერიას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ

8 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ  ახალციხის მერია ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტისთვის უარის თქმით გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს არღვევს. 

დღეს, 8 ივნისს, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მომუშავე პლატფორმა “დაიცავი თავისუფლება” კამპანიის ფარგლებში ახალციხეში, მესხეთის თეატრის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კონცერტს მართავს.

პლატფორმამ დაგეგმილი კონცერტის შესახებ ახალციხის მერია 6 ივნისს გააფრთხილა, რაზეც გუშინ უარი მიიღო, აცხადებს “დაიცავი თავისუფლება.”

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ხელისუფლებისადმი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, ხოლოშეკრებისა და მანიფესტაციების შესახებსაქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციურ დებულებას და გაფრთხილების ვალდებულებას მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების გამართვის შემთხვევაში ითვალისწინებს. სხვა ადგილებში შეკრებამანიფესტაციის გამართვას სახელმწიფოს მხრიდან არათუ თანხმობა არ სჭირდება, არამედ მხარეს ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებაც კი არ გააჩნია, აცხადებენ ორგანიზაციები. 

“იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტის გამართვა დაგეგმილია ქალაქის ხალხმრავალ ადგილას – პარკში, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ღონისძიება პრობლემას შეუქმნის რომელიმე დაწესებულებას, მათ შორის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამავდროულად, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუცია მსგავს ვითარებაშიც იცავს შეკრების თავისუფლებას და მოცემული არგუმენტით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა სცდება ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ ფარგლებს”, – წერია დღეს, 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, არც ერთი ადგილობრივი თუ ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ნებართვა არ არის საჭირო შეკრების/მანიფესტაციის ჩასატარებლად.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილების თანახმად, ნებართვისაგან უნდა გაიმიჯნოს წინასწარი გაფრთხილება, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს და არ გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას, ნება დართოს ან არ დართოს შეკრების/მანიფესტაციის გამართვას. აღნიშნულ საკითხებზე რაიმე სახის სანებართვო სისტემის დაწესებას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები შეკრების უფლების სარგებლობისთვის და დაიცვას თითოეული დამსწრე პირის შეკრების კონსტიტუციური უფლება.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, მედიის განვითარების ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო, ლგბტ საქართველო, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ფონდი ალპე.

მასალების გადაბეჭდვის წესი