ახალი ამბები

არასამთავროები: პარტიებმა საარჩევნო სისტემის შეცვლის შანსი ხელიდან გაუშვეს

7 ივნისი, 2016 • 1379
არასამთავროები: პარტიებმა საარჩევნო სისტემის შეცვლის შანსი ხელიდან გაუშვეს

“რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილებით, 8 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს არ განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები – ”სამართლიანი არჩევნები”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

“სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მსგავსი არათანმიმდევრულობა და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და რეალურად ხელიდან გაუშვეს ის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა საპარლამეტო არჩევნების არსებითად უკეთეს გარემოში ჩატარებას,” -აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ  ე.წ. გერმანულ მოდელზე მომზადებული კანონპროექტი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა:

“აღსანიშნავია, რომ წინასწარ გამართული კონსულტაციებისას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობა და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაეჭირათ ე.წ. „გერმანული მოდელის“ მიღებისთვის. ამის მიუხედავად, 1 ივნისს ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვისას ჩავარდა. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვუწოდეთ პარლამენტის წევრებს, მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ წარდგენილი პროექტის განხილვას და მხარი დაეჭირათ მისი მიღებისთვის.”

ორგანიზაციების განცხადებით, იმის მაგივრად, რომ პოლიტიკურ პარტიებს სრული მობილიზება მოეხდინათ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, ცვლილებების პროექტი საერთოდ აღარ განიხილება:

“აღნიშნული პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას მისცემდა შესაძლებლობას, საჯაროდ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან, მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არგუმენტები იქნებოდა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. კანონპროექტის სესიაზე განხილვა დამატებით შესაძლებლობას ქმნიდა საჭირო ხმების შეგროვების, ხოლო საკითხის საერთოდ მოხსნამ დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა სისტემის შეცვლის შესაძლებლობა. ”

6 ივნისს გამართული პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის”  ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ 8 ივნისს ჩანიშნულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს არ განიხილავენ. ამის მიზეზად დეპუტატმა მხარდამჭერ პარტიებს შიგნით კონსულტაციების გამართვის საჭიროება დაასახელა:

“ოთხშაბათის დღის წესრიგში კანონპროექტი იმ მოტივით არ შევიტანეთ, რომ შიდაპარტიული კონსულტაციების ჩატარების საშუალება ყველას ჰქონდეს. ამის შემდეგ გავიტანთ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე. ამა თუ იმ პარტიაში ვიღაცები, ეტყობა, ხელს უშლიან იმ დეპუტატებს, ვისაც კანონპროექტის მხარდაჭერა საჯაროდ აქვთ დეკლარირებული. ჩვენ გვინდა კანონპროექტი კანონად ვაქციოთ და ყველას ვუწყობთ ხელს ამაში.”

მისივე თქმით,”ნაციონალურ მოძრაობას” შიდაპარტიული პრობლემები ოდესიდან ექმნება:

“ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი, რესპუბლიკელები მხარს უჭერენ კანონპროექტს, ასევე, არასამთავროები და არასაპარლამენტო ძალები. ჩვენ ევროპულ არჩევანს ვთავაზობთ და ვნახოთ, ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის გარედან შექმნილ შიდაპარტიულ პრობლემებს მოერევა, დაძლევს, თუ აღმოჩნდება ოდესის გუბერნატორის მძევალი.”

“რესპუბლიკური პარტიის” მიერ ინიცირირებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.

საია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა

მასალების გადაბეჭდვის წესი