ახალი ამბები

სეტყვამ კახეთში სამი სოფელი დააზარალა

3 ივნისი, 2016 •
სეტყვამ კახეთში სამი სოფელი დააზარალა

3 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთში დააზარალა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი.

ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება. სეტყვამ  შილდის, საბუეს და ალმატის მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ შილდაში მოსავლის  დაახლოებით 30-50%-ით დაისეტყვა, საბუესა და ალმატში კი – 60%.

კახეთის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა სეტყვამ მაისის დასაწყისშიც დააზარალა. სეტყვა ყოველწლიურად აყენებს უდიდეს ზიანს საქართველოს სოფლის მეურნეობას. ქვეყნის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კი ჯერ კიდევ არ არის ეფექტური.

18 მაისს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის მინისტრმა სწორედ სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაათავისუფლა და  გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა.

24 მაისს  “დელტამ” განაცხადა, რომ  კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები აამოქმედეს და სეტყვის ღრუბლების დასაშლელად დაახლოებით 50 რაკეტა გაისროლეს.

როგორც “დელტას” პრესასამსახურში აცხადებენ, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და მთლიანად სისტემა გამართულად მუშაობს, მთავარი პრობლემა უკავშირდება რაკეტებს, რომელთა წარმოებაც დროს მოითხოვს. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის რაკეტების სიმცირის გამო ვერ ხერხდება სისტემის სრულად ამუშავება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტური მუშაობა მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ  2014 წელს განაცხადა, რომ სახელმწიფომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე დაიწყო  მუშაობა. 20-მილიონიანი პროექტის მიხედვით,  სეტყვისაგან მიყენებულ ზარალი 85–95 %–ით უნდა შემცირებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი