ახალი ამბები

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს

18 სექტემბერი, 2023 • 1116
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ავრცელებს.

ალადაშვილის განცხადებით, 17 სექტემბერს ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.

„პრემიერ- მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე“, -განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარაკის განცხადებით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ყვარელს მიაყენა. კერძოდ, ყვარელში, გრემში, ენისელში, საბუესა და ჭიკაანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ნაწილი, ავტომანქანები. ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა ყველა სოფელში. საავტომობილო გზებზე კი ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ჩატარდა გზების გაწმენდის სამუშაოები.

ამასთან, აპარატის განცხადებით, 17 სექტემბერს სეტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზარალა კახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის- ლაგოდეხის სოფლები. სტიქიამ მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები უკკვე განხორციელდა. სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფშაველი, ნაფარეული და ლალისყური.

მასალების გადაბეჭდვის წესი