საზოგადოება

ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დაისეტყვა

17 სექტემბერი, 2023 •
ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დაისეტყვა

17 სექტემბრის საღამოს  ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა.

ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მზექალაშვილის ინფორმაციით, დასეტყვილია ქალაქი ყვარელი და სოფლები — ალმატი, გრემი, საბუე და შილდა.

“ყვარელში 20 წუთი მაინც გრძელდებოდა სეტყვა… ახლა ვნახულობთ ყველაფერს, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს ჯერ”, — უთხრა მზექალაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ქალაქის მერმა, გივი ზაუტაშვილმა გვითხრა, რომ “გზების გაწმენდა მიმდინარეობს ამ ეტაპზე”.

“…ჩვენი სამსახურები ადგილზე არიან და მუშაობენ”, — დასძინა მან სატელეფონო კომენტარში, რომელიც დაახლ. 20:00 საათისთვის ჩავწერეთ.

ამჟამად ყვარლის რაიონში რთვლის აქტიური სეზონია. მოსახლეობის ნაწილს ყურძენი ჯერ კიდევ არ აქვს დაკრეფილი.

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ლაგოდეხის მერის მოადგილის, ზურაბ კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, “თითქმის მთლიანი მუნიციპალიტეტი დაისეტყვა”.

“ახლა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დავდივართ და ობიექტებს ვათვალიერებთ… ზარალს კომისია დილიდან დაითვლის და შეაფასებს, მაგრამ რეალურად, პრობლემა ყველა სოფელშია”, — აღნიშნავს კოჭლამაზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ლაგოდეხის მერიამ ამ საკითხზე სოციალურ მედიაშიც დაწერა. უწყების ცნობით, “სტიქიამ, მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები”.

“ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს”, — აღნიშნავს მერია და ამატებს, რომ ზარალის დათვლის შემდეგ, მოსახლეობას დახმარებას “შესაძლებლობის ფარგლებში” აღმოუჩენენ.

გარეკანის ფოტოებზე: 1) სეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტში; 2) სეტყვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში; 3) სტიქიის შედეგები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. წყარო: Facebook/Nodar Ezhishvili; Facebook/ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი