ახალი ამბები

ბოდიშით დარღვეული სიჩუმე

16 დეკემბერი, 2011 • 1890
ბოდიშით დარღვეული სიჩუმე

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დოკუმენტური ფილმი “კამპანია ბოდიში” გადაიღო, რომლის პრეზენტაციაც დღეს ბიოლის ფონდში შედგა. ფილმის რეჟისორი გიორგი ჯანელიძეა.

ფილმი 40 წუთის ხანგრძლივობისაა, სადაც მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, ისტორიკოსები, კონფლიქტის საკითხში ექსპერტები, ომის მონაწილეები საუბრობენ აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზებზე, ორივე მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და უშუალოდ კამპანია “ბოდიშის” მნიშვნელობაზე, მის აუცილებლობასაზე თუ – პირიქით.

კამპანია “ბოდიში” 2007 წლის მარტიდან დაიწყო,  კამპანიის მთავარი მიზანია ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა, რათა მხარეები დაფიქრდნენ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რაც ორივე მხარემ დაუშვა.

ფილმის რეჟისორმა გიორგი ჯანელიძემ კინოჩვენების დაწყებამდე განაცხადა, რომ მისთვის დიდი გამოწვევა იყო ამ ფილმზე მუშაობა და თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკეიდა. მოგვიანებით რეჟისორმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სიფრთხილე თემის სენსიტიურობამ განაპირობა:

“ფილმში ლაპარაკია ბოდიშის მოხდაზე, პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, საზოგადოების განწყობა კი არაერთგვაროვანია, სიფრთხილე იყო საჭირო აფხაზებთანაც, რათა ისინი არ დაგვეფრთხო.”

თემა რომ მართლაც საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ამას ის გამოხმაურებაც ადასტურებს, რაც “ბოდიშის” კამპანიის გამოჩენას მოჰყვა. 2007 წელს ეს საკითხი აქტიური განხილვის საგანი იყო ფორუმებზე, საიდანაც ერთ–ერთ ამონარიდს გთავაზობთ:

“ პაციფიზმი შეიძლება კარგი მიმდევრობაა, მაგრამ ერთი მიპასუხეთ – მშვიდობა ჩვენს ხარჯზე გირჩევნიათ, თუ ომი? რა თქმა უნდა, ომი ამ შემთხვევაში უალტერნატივოა და მშვიდობის თეთრ მტრედებს მივმართავ– ნუ გვიწამლავენ გონებას ბოდიშმანიოზური თემებით”.

ფორუმი არ არის ერთადერთი სივრცე, სადაც კამპანიას უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს დევნილებთან შეხვედრისას ეს წამოწყება მწვავედ გააკრიტიკა.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა ბოდიშის მოხდაა, როცა ვიღაცამ გამოგვყარა სახლიდან და იქ ჩასახლდა და ეს უთავმოყვარეო მანიფესტები, ბოდიში რისთვის? თავები რომ დაგვაჭრეს და გამოგვყარეს, ქართული ძეგლები დაგვინგრიეს,  პატარა ბავშვები გაყინეს უღელტეხილზე, ჩვენ რისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში? რა ხალხია საერთოდ, რა გრანტი მიიღეს ასეთი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომ ასეთი სისულელე წერონ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ”ბოდიში”, ეს არის იურიდიული საფუძვლის შექმნა იმისათვის,  რომ თქვენ იქ დაბრუნების უფლება აღარ გქონდეთ”.

მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულება წამოწყებისადმი არაერთვაროვანია,  “ადამიანის უფლებათა ცენტრის”  აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ  ვითარდება.

“ომის შემდეგ ხალხი მიხვდა, რომ მილიტარისტული ისტერიით, იარაღის ჟღარუნით შეუძლებელია კონფლიქტის მოგვარება. ადრე თუ ხშირად ისმოდა, რომ ჩვენ გვინდა აფხაზეთის დაბრუნება, ახლა ბევრი ამბობს, რომ ჩვენ აფხაზები უნდა დავიბრუნოთ: პირველ რიგში, არა ტერიტორია, არამედ – ხალხი”.

ფილმში მართლაც გაისმის მსგავსი იდეის მატარებელი ფრაზები: ”გულით ვნანობ”, ”კაცობრიობა შეიცვალა მაშინ, როცა ადამიანმა პირველად თქვა ბოდიში”, ”დავიწყოთ ჩვენ და პირველებმა ვთქვათ ბოდიში”, ”მე პირველი ვიტყვი ბოდიშს”.

ზოგიერთი ფილმის მონაწილე თვლის, რომ ორივე მხარეს თავისი წილი ბოდიში აქვს მოსახდელი, ზოგიც ამბობს, რომ ბოდიშის თქმა იმდენად საქმეს არ უშველის, რამდენადაც რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ერთადერთი, რაზეც ფილმის ყველა მონაწილე თანხმდება, ისტორიის გააზრება და ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღიარებაა.

დოკუმენტურ ფილმში ძირითადად ქართული მხარეა წარმოდგენილი, თუმცა მასში აფხაზი ქალბატონი რუსუდან მარშანიაც მონაწილეობს. 18 წელია  საქართველოში ცხოვრობს, თუმცა აქტიური კავშირი აქვს აფხაზეთთან, წელიწადში 4–ჯერ მაინც ჩადის, ამბობს, რომ  ბოდიშის კამპანია აფხაზეთში არცთუ კარგად მიიღეს:

“ისინი თლიან, რომ  სანამ კამპანიის უკან მხოლოდ ცალკეული ადამიანების სურვილია, სიტუაცია დიდად არ შეიცვლება. მათთვის მნიშვნელოვანია სიტყვა ბოდიშის უკან რეალური ქმედებაც და მეორე მხრივ, ეს ხელისუფლების მხრიდანაც უნდა ითქვას, ამის შემდეგ კი რეალური იქნება საუბრის დაწყება.”

ქალბატონი რუსუდანი თვლის, რომ პრობლემას სიტყვა ბოდიშის არასწორი აღქმა ამწვავებს.

“ეს ასოცირდება მუხლებზე დგომასთან, ეს არასწორია. ბოდიში – ეს ნიშნავს, რომ შენ წილ პასუხისმგებლობას იაზრებ”.

მიუხედავად ამისა, რუსუდან მარშანია ამბობს, რომ ბოდიშის კამპანიას დიდი მომავალი აქვს და დროსთან ერთად კამპანია მიმდევრებს შეიმატებს:

“როცა ხალხის მასა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს, ეს აუცილებლად იმოქმედებს პოლიტიკურ ელიტაზეც და შეცვლის დამოკიდებულებას კონფლიქტის მიმართ.”

უჩა ნანუაშვილიც ამბობს, რომ აფხაზურ მხარეში, ვისთანაც მას კონტაქტი აქვს, კამპანიას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა–ნაწილი დადებითად შეხვდა ინიციატივას, ნაწილი ნეიტრალურად, ნაწილი კი კატეგორიული წინააღმდეგია:

“ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პირველი ნაბიჯი.  როცა ოჯახში კონფლიქტები ხდება, თუ არც ერთმა მხარემ არ გადადგა პირველი ნაბიჯი, იგი აუცილებლად გაიყოფა. ჩვენ ჩვენი მხრიდან პირველ ნაბიჯს ვდგამთ, დანარჩენი ბევრ რამეზეა დამოკიდებული”.

ფილმის რეჟისორმა აღნიშნა, რომ “კამპანია ბოდიშის” მეორე ნაწილი აუცილებლად გამოვა, სადაც აფხაზური მხარე იქნება წარმოდგენილი. გიორგი ჯანელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას თქვა, რომ ამჯერად ეს ტექნიკური რესურსის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა ფილმში ბალანსის შენარჩუნება რუსუდან მარშანიას მონაწილეობით მოხერხდა.

დოკუმენტური ფილმები არ არის ერთადერთი ბერკეტი კამპანია “ბოდიშის” განსახორციელებლად. ამ თემაზე არაერთი დისკუსია გაიმართა და მომავალშიც იგეგმება, ასევე, გამოიცემა კრებულები, რომელიც აღნიშნულ საკითხთან უშუალოდ იქნება კავშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი