ახალი ამბები

ანგარიში მთავრობის საჯაროობაზე

15 დეკემბერი, 2011 • • 1122
ანგარიში მთავრობის საჯაროობაზე

დღეს, 15 დეკემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანალიზი იმ ანგარიშებისა, რომლებიც საქართველოში არსებულმა 600–ზე მეტმა საჯარო უწყებამ 10 დეკემბერს გამოაქვეყნა, თუმცა შესრულების დაბალი ხარისხის გამო საიამ მხოლოდ 200–მდე ანგარიშის შესწავლა მოახერხა.

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით საჯარო უწყებებს საქართველოში აქვთ ვალდებულება, ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, წარმოადგინონ ანგარიშები კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.  წელს მსგავსი ანგარიში 666–მა საჯარო უწყებამ წარმოადგინა, თუმცა, საია–ს  იურისტი ამბობს, რომ მათ მხოლოდ 200–მდე ანგარიშის ანალიზი შეძლეს. წარმოდგენილი ანგარიშებიდან 500–მდე ანგარიში საჯარო სკოლის მიერ იყო მომზადებული, თუმცა იმის გამო, რომ ანგარიშები არაკვალიფიციურად იყო შედგენილი და იქიდან ღირებული ინფორმაცის მიღება რთული იყო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საერთოდ უარი თქვა სკოლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლაზე.

წელს წარმოდგენილი ანგარიშებში შეფასებულია 2010 წელს შესრულებული სამუშაო. ანგარიშების  შესრულებაზე საჯარო დაწესებულებები ანგარიშვალდებული არიან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე.

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს 2010 წელს არსებული მდგომარეობის ამსახველ ანგარიშს, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საჯარო დაწესებულებები ტრადიციულად ხარვეზებით ასრულებენ.

იურისტმა ვახუშტი მენაბდემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა. აღმოჩნდა, რომ საჯარო დაწესებულებების ნაწილი საერთოდ არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას და არ აგზავნის ანგარიშს, ასევე, საჯარო დაწესებულებების ნაწილი ანგარიშს მხოლოდ პრეზიდენტს, ან მხოლოდ პარლამენტს უგზავნის.  პრობლემაა ისიც, რომ  საჯარო დაწესებულებების უმრავლესობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია, ხოლო ერთი დიდი ნაწილი (განსაკუთრებით საჯარო სკოლები) საერთოდ ვერ პასუხობს კანონის მოთხოვნებს. გარდა ამისა, ანგარიშის წარდგენას ფორმალური სახე აქვს – არ ხდება მისი შესწავლა და რეკომენდაციების გაცემა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სანქციების დაწესება.

საია–ს იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.ერთადერთი გაუმჯობესებაა  ის, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ დროულად ხდება ანგარიშის წარდგენა.

„ამ ანგარიშის წარდგენას აქვს ფორმალური ხასიათი. პრეზიდენტი საერთოდ არ სწავლობს ამ ანგარიშს, პარლამენტი სწავლობს, მაგრამ არანაირი რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია ანგარიშის არწარდგენისა და დარღვევების გამო,“– ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ საჯარო უწყებებისთვის შეიქმნება ე.წ. გაიდლაინი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ანგარიშის მომზადების წესებს.

წარმოდგენილი დოკუმენტების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხოლოდ ზოგადი ანალიზით შემოიფარგლა და მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არ წერია, კონკრეტულად რომელი საჯარო უწყებები ასრულებენ, ან არ ასრულებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო უწყებებმა 10 დეკემბრის ანგარიშებში უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულ საჯარო უწყებაში რამდენჯერ გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, რამდენი დააკმაყოფილეს და რამდენი – არა,  ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რაც დაჭირდა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მომზადებას, ასევე, ვინ პასუხობდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას უარით და ა.შ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საჯარო ინფორმციის გაცემასთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ანგარიშების შესწავლა და წლიდან–წლამდე მსგავსი ხარვეზების გამოუსწორებლობა ადასტურებს, რომ ამ კუთხით არსებობს სისტემური პრობლემები, რაც უნდა გამოსწორდეს.

საია–ს რეკომენდაციით, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საჯარო დაწესებულების მიერ ანგარიშის დროულად და კვალიფიციურად მომზადებას, ასევე გამოავლენს იმ უწყებებს, რომლებიც   საერთოდ არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი