ახალი ამბებიტექნოლოგიები

2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩანაწერების ნაწილი წაშლილია

10 ივნისი, 2019 •
2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩანაწერების ნაწილი წაშლილია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012-14 წლების სხდომების ჩანაწერები სრულად, ხოლო 2014-17 წლების ჩანაწერების ნაწილი წაშლილია. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პროექტ kavshirebi.ge-მ ოფიციალურად გამოითხოვა საბჭოდან 2012-2017 წლების სხდომების ჩანაწერები.

ვებ-გვერდმა საბჭოდან მიიღო ოფიციალური პასუხი, რომ გარკვეული პერიოდის მონაცმები სერვერებიდან წაიშალა და მათი აღდგენა ვერ მოხერხდა, დანარჩენი კი მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს. KAVSHIREBI.GE წერს, რომ საბჭომ  ეს ნაწილობრივ აღდგენილი ჩანაწერები არ გადასცა.

გაცნობებთ, რომ 2017 წელს წაიშალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემთა ბაზაში (სერვერზე) არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საბჭოს სხომის ოქმები. 2012 წლიდამ 2014 წლის მაისამდე არსებული ჩანაწერების აღდგენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება 2014 წლის მაისიდან 2017 წლამდე ჩატარებულ საბჭოს სხომის ოქმებს, მათი აღდგენა ნაწილობრივ განხორციელდა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული ჩანაწერების სრულყოფილი ვერსია. ამასთან, გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების იუსტიციის სუმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ოქმი, ასევე, 2012-2019 წლების დღის წესრიგები განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე”, – აღნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საბჭოში განმარტავენ, რომ  გადატვირთულობის გამო სერვერმა ვეღარ შეძლო ფუნქციონირება, რის გამოც მყარი დისკი დაზიანდა და დაიკარგა სერვერზე არსებული ინფორმაცია. მათი განმარტებით, ბექაფით მხოლოდ ინფორმაციის ნაწილის აღდგენა მოხერხდა.

საბჭოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სერვერის გადატვირთულობით მყარი დისკის დაზიანებისა შესახებ დასკვნა, რამაც თითქმის 5 წლის სხდომების ჩანაწერებისა და ოქმების განადგურება გამოიწვია, პროგრამისტს ეკუთვნის. მათი განმარტებით, ეს წმინდა ტექნიკური ხარვეზი იყო და ამის გამო არ მიუმართავთ სამართალდამცავი უწყებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი