ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა საქართველოში, ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა გამოთქვეს წუხილი იმასთან დაავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ნაჩქარევად მიიღეს საბოლოო მოსმენით, რაც, მათი აზრით, ძირს უთხრის პროცესის გამჭვირვალობას.
ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის საუბარი.
კერძოდ, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამომხსენებლები გამოთქვამენ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებათა კანონპროექტი არ გაგზავნეს ვენეციის კომისიაში (ევროსაბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა დამოუკიდებელ ჯგუფი), რათა მოესმინათ მათი მოსაზრებები.
“გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის აზრი და კომისიის რეკომენდაციების სწრაფი განხორციელება ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამარლოს ეფექტურ ფინქციონირებას და დაუპირისპირდება როგორც ამ ცვლილებების, ასევე მთლიანად სასამართლოს პოლიტიზებას მომავალი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე სთხოვოს მოსაზრება ვენეციის კომისიას ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლება ასე არ მოიქცევა, მაშინ ასამბლეის მინიტორინგის კომიტეტი თავად მოითხოვს ვენეციის კომისიისგან მოსაზრებას 23 მაისს გასამართ შეხვედრაზე,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ გაცხადებაში.
14 მაისს მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. მანამდე, 10 მაისს, ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაჰპირდა თანამომხსენებლებს, რომ მეორე მოსმენით მიღებამდე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნიდა.
ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტი არ გაუგზავნეს ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ მეორე მოსმენით განხილვისას მასში ცვლილებები შევიდა. 14 მაისს მან თქვა, რომ კანონი უკვე მიღების შემდეგ გაეგზავნებოდა ვენეციის კომისიას.
“ეს მე ავუხსენი მათ, ისიც, რომ არის საარჩევნო წელი, პარლამენტი მუშაობს ძალიან შეზღუდული დროით, ამიტომ დიდი ლოდინის დრო კანონის მიღებისთვის, სამწუხაროდ, ახლა პარლამენტს არ ჰქონდა, რადგან მალე ასრულებს მუშაობას. ეს ძალიან კარგად იყო გასაგები მონიტორებისთვის, ასე რომ, ჩვენ გავგზავნით ამ კანონს უკვე ვენეციის კომისიაში,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.