ახალი ამბები

თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტებმა თანამდებობები დატოვეს

18 მაისი, 2016 • 1743
თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტებმა თანამდებობები დატოვეს

პრეზიდენტი შალვა საბაური, ვიცეპრეზიდენტები- პაატა ბახტურიძე და თორნიკე ცინაძე, დღეიდან  თსუ-ის თვითმმართველობას აღარ უხელმძღვანელებენ. ამ გადაწყვეტილებით მათ თვითმმართველობის მანდატი გაახანგრძლივეს.

თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს საერთო კრებაზე დღეს აირჩევენ. თვითმმართველობის საერთო კრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 317-ე აუდიტორიაში 19:00 საათზე ჩატარდება.

უნივერსიტეტის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, პაატა ბახტურიძის თქმით, კანონში და უნივერსიტეტის წესდებაში არ არის გაწერილი, თუ რა ვადით ირჩევა სტუდენტური თვითმმართველობა. „თუმცა თვითმმართველობის შიდა დებულებაში ჩაწერილი გვაქვს, რომ თვითმმართველობა 2 წლის ვადით ირჩევაო,“ – უთხრა პაატა ბახტურიძემ „ნეტგაზეთს“.

„ახლა გავიდა 2 წელი ჩვენი არჩევიდან, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში უნის თვითმმართველობას აქვს არჩევნების გადავადების უფლება – ეს უნივერსიტეტის დებულებით არის განსაზღვრული. ამაზე განსაკუთრებულ შემთხვევას კი, რაც დღეს ხდება, ვერც ვიპოვიდით. ამიტომ გადავავადეთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები არაუმეტეს 6 თვის ვადით,“ – განაცხადა ბახტურიძემ.

მომავალი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ არჩევნებამდე, თვითმმართველობას გაუძღვება მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც დღეს საერთო კრებაზე აირჩევენ.

პაატა ბახტურიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას თანამდებობის დატოვების მიზეზებსაც განმარტავს:

„ერთი მიზეზი არის თსუ-ის  თვითმმართველობის ტრადიცია – პრეზიდენტები და ვიცეპრეზიდენტები არ რჩებიან 2 წელზე მეტხანს თანამდებობაზე. ჩვენც არ ვარღვევთ ამ ტრადიციას“.

მეორე მიზეზად თსუ-ის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი სტატუსებისაგან გათავისუფლების სურვილს ასახელებს: „ჩვენ ვთავისუფლდებით სტატუსებისაგან. უნივერსიტეტში ამჟამად მიმდინარე პროცესებში, – რასაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც განათლების სამინისტროს ბრძოლას უნივერსიტეტის ავტონომიასთან, –  გვინდა, რომ სტატუსის გარეშე ჩავერთოთ. გვსურს, ვიყოთ ჩვეულებრივი სტუდენტები და არა მხარე – ამ შემთხვევაში, სტუდენტური თვითმმართველობის. ამ ბრძოლაში ჩვენ გადავდივართ, ზოგადად, უნივერსიტეტის მხარეს და მზად ვართ, ჩავერთოთ ნებისმიერ პლატფორმაში, რომესაც განათლების სამინისტრო გვპირდებოდა და დღეს, სამწუხაროდ, არ ჩანს“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი