ახალი ამბები

დემოკრატები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების განაჩენს პროკურატურასთან გააპროტესტებენ

16 მაისი, 2016 • 2401
დემოკრატები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების განაჩენს პროკურატურასთან გააპროტესტებენ

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა სასამართლო განაჩენს უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია განაჩენის გასაპროტესტებლად 21 მაისს საქართველოს პროკურატურასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. პარტია ასევე გეგმავს არასამთავრობო ორგანზიაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას.

ალასანიას განცხადებით, მაღალჩინოსანთა განაჩენი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება:

“მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ დანაშაულის ჩადენის მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს. დაბოლოს, ადამიანები რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომლის გაფლანგვაშიც ბრალს სდებენ.

ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტებს. ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები ჩააბარა მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებს: პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს – მურუსიძე, ხოლო მის პარტიაში ერთი კაციც არ არის, ვინც ამას შეეწინააღმდეგება.

ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს და მათ ოჯახებს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის.

დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენს დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა დედაქალაქსა და ორგანიზაციაში. ასევე, დღეს მინდა გაცნობოთ, რომ შაბათს, 21 მაისს, 14 საათზე გავმართავთ საპროტესტო აქციას საქართველოს პროკურატურათან. ეს იქნება პირველი აქცია.

დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟმზე გადადის, მაგარამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას.” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების პრესკონფერენცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თანხის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

დაკავებულთა შორის იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

სილქნეტმა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, იმავე დღეს დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სადავო ტენდერში. კომპანიამ განაცხადა, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას იმ დროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართული სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. მან პროკურატურის ქმედებებში “პოლიტიკური სარჩული” შენიშნა და თქვა, რომ ადგილი აქვს “შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ალასანიას თქმით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავება ზუსტად მაშინ განხორციელდა, როდესაც ის მინისტრის რანგში ევროპაში ვიზიტს მართავდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. ალასანიამ მოგვაინებით განმარტა, რომ იგი ევროპაში საქართველოსთვის ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობებზე საუბრობდა. ამის შემდეგ მინისტრის თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პატრიაშვილმა. საბოლოოდ კი, თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი