სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 16 მაისს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და მოსამართლეს “ბრძანების შესრულებაში” ადანაშაულებს.
“უმართლესი ადამიანები დღეს “ბესიკ მურუსიძემ” გაუშვა ციხეში. უპატიოსნესი ხალხი, შემიძლია გითხრათ. საერთოდ დანაშაული არ არსებობს, ამ ხალხს ჯილდოები ეკუთვნით, მათ გააკეთეს საქვეყნო საქმე. მაგრამ რომ ასიამოვნონ ზევით, ამის გულისთვის ბატონმა მურუსიძემ სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხი 7 წლით გააგზავნა. სამართლებრივად ნონსენსი მოხდა. აქ ერთადერთი სამოტივაციო ნაწილში მოსამართლე თუ დაწერს იმას, რომ მიბრძანეს და გავაკეთეო. სამართლებრივად ნონსენსი მოხდა დღეს. ბუნებრივია, გასაჩივრდება და გასაჩივრდება ბესიკ მურუსიძის განაჩენი ლევან მურუსიძესთან,“- განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატმა, ლევან სამუშიამ.
გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, (მითვისება ან გაფლანგვა) რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თითქმის 9 თვის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ და პატირობიდან გათავისუფლდნენ, თავდაცვის ახლანდელმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა.
როგორც საქალაქო სასამართლოს განცხდებიდან ირკვევა, ამ საქმეზე გაიმართა 50 სასამართლო პროცესი. დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე, ასევე, თავად ბრალდებულები.
“საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიზრახეს სს „სილქნეტის’’ სასარგებლოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა. დანაშაულებრივი განზრახვის დაფარვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნათა უგულებელყოფით, გადაწყვიტეს ფიქტიურად მოეხდინათ ბაზრის კვლევა, მიმწოდებლის მოძიება, შესაძენი ქონების, საქონლის, მომსახურების პირობებისა და ღირებულების დადგენა. ამ მიზნით ნ.კ-მ და დ.წ.-მ აცნობეს გ.ღ-ს, რომ საჭირო იყო დ.წ.-ს მიერ მომზადებული ტექნიკური პირობების მიხედვით თბილისი-კოჯორი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, ქსელური აპარატურის შეძენა და მონტაჟი. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას გაუგზავნა იდენტური მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში ტექნიკური პირობების მიხედვით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მიყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის შესახებ და განუსაზღვრა ვადა წინადადებების წარმოსადგენად.
დათქმულ დროს კომპანიებმა: შპს „სპეცკავშირმშენმა“, შპს „დელტა კომმა“, შპს „ოპტიკ ლაინმა“ და ს.ს. „სილქნეტმა“ მოახერხეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგების შესახებ წინადადებების წარდგენა. აღნიშნული კომპანიებიდან მხოლოდ შპს „სპეცკავშირმშენმა“ და შპს „ოპტიკ ლაინმა“ შეძლეს შედარებით დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რადგან აღნიშნული მიმართულებებით მათ წინასწარ ჰქონდათ მოკვლევა ჩატარებული, ხოლო დანარჩენმა ორმა კომპანიამ, მოთხოვნის მიუხედავად, მიუთითა მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვა.
2013 წლის 05 სექტემბერს, ბრალდებულებისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლების მონაწილეობით, 17:00 საათზე თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტებთან ერთად გამოცხადდა მხოლოდ შემოთავაზებული ფასები, იმავე თარიღით შედგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალური ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის და აპარატურული უზრუნველყოფის შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადაიხედა წარმომადგენლების თანდასწრებით. რეალურად კი წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრეტენდენტებს მიუხედავად მათი მოთხოვნისა არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები.
სს ‘’სილქნეტმა’’ სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა, რადგან მის მიერ შეთავაზებული წინადადებები არ შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას. შპს „დელტაკომს“ თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი მიმართულებების დიდ ნაწილზე უკვე გააჩნდა თავისუფალი გამოუყენებელი წვერები და დარჩენილი ნაწილის მშენებლობასაც ასრულებდა თავისი ხარჯებით, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციებს მიზერულ ფასად, ხშირ შემთხვევაში უფასოდაც კი აწვდიდა ქონებას. ამასთანავე, ნ.კ.-სთვის ცნობილი იყო რომ შპს ‘’სპეცკავშირმშენიც’’ უსასყიდლოდ სთავაზობდა სამინისტროს საჭირო წვერებს.
მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა- ა.ა-მ, გ.ზ.-მ და გ.ლ.-მ შეადგინეს მოხსენებითი ბარათი და თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან ითხოვეს ნებართვა თითქოსდა გამარჯვებულ კომპანია სს „სილქნეტთან” ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შედეგად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“, ჯამში, უნდა გადაუხადოს 6 720 877.42 ლარი და სანაცვლოდ მიიღოს მხოლოდ 2 618 004.82 ლარის ღირებულების ქონება/საქონელი/მომსახურება. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგეს მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა,”- აცხადებს საქალაქო სასამართლო.