ასტრონომებმა მზის სისტემიდან 40 სინათლის წელიწადით დაშორებული სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ESO (European Southern Observatory) ავრცელებს. პლანეტები ჯუჯა ვარსკვლავის, RAPPIST-1-ის გარშემო ბრუნავენ. RAPPIST-1 მზეზე გაცილებით პატარაა (ვარსკვლავის მოცულობა მზის სისტემაში შემავალი გაზის გიგანტის, იუპიტერის სიდიდეს ოდნავ აღემატება) და წითელი ჯუჯა ვარსკვლავების კატეგორიას განეკუთვნება. ამ ტიპის ვარსკვლავები ირმის ნახტომის გალაქტიკაში ყველაზე მეტია და ისინი სიცოცხლის ყველაზე დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ასტრონომებმა ამ ტიპის ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი პლანეტები პირველად აღმოაჩინეს.
ახალაღმოჩენილი პლანეტების ზომები და ტემპერატურა დედამიწისა და ვენერას მსგავსია. მეცნიერების ვარაუდით, ასეთ პირობებში სიცოცხლის არსებობა სავსებით რეალურია. ვარსკვლავი, რომლის სისტემასაც ახალაღმოჩენილი პლანეტები ეკუთვნის, მზეზე გაცილებით პატარაა და სუსტად კაშკაშებს, თუმცა, იმის გამო, რომ სამივე პლანეტა თავის ვარსკვლავთან გაცილებით ახლოსაა (100-ჯერ), ვიდრე დედამიწა მზესთან, სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ტემპერატურის მოპოვებას მაინც ახერხებენ. პლანეტები დედამიწისგან განსხვავებით მცირე ორბიტალური პერიოდითაც გამოირჩევიან. საკუთარ ვარსკვლავთან ყველაზე ახლო მდებარე პლანეტა მნათობის გარშემო სრული ბრუნის გასაკეთებლად 1,5 დღე სჭირდება, ყველაზე დაშორებულს კი – 4,5.
პლანეტებსა და ვარსკვლავს შორის დისტანციის უფრო ნათლად წარმოსადგენად მეცნიერები RAPPIST-1-სა და მის ორბიტაზე მოძრავ ვარსკვლავებს, იუპიტერსა და ამ პლანეტის თანამგზავრებს ადარებენ.
“გიგანტური ტელესკოპების წყალობით, რომელთა მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს და 2018 წლისთვის დასრულდება, შევძლებთ უფრო დეტალურად შევისწავლოთ ამ პლანეტების ატმოსფეროს შემადგენლობა. ასევე გავერკვეთ, არის თუ არა იქ წყალი, რათა შემდგომ დავიწყოთ კვლევა, მიმდინარეობს თუ არა იქ რაიმე ბიოლოგიური პროცესი” – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ჯულიენ დე უიტი და ამ აღმოჩენას უდიდეს ნაბიჯად აფასებს კოსმოსში სიცოცხლის ძებნის საქმეში.