ახალი ამბები

დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებს

28 აპრილი, 2016 • 1336
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებს

დღეს, 28 აპრილს პარლამენტი საარჩევნო სიისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ ორ საკონსტიტუციო კანონის პროექტს განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. პროექტით, ეს ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.

ხოლო ოპოზიციის მომზადებული ვარიანტის მიხედვით, რომლის ინიცირებას ხელს 200 ათასი მოქალაქე აწერს,   2016 წლის არჩევნებისთვის პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან.

“ერთის კარგია შინაარსი, მეორის ვადა სჯობს, ” -ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დავით ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა,  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2016 წლის არჩევნებისთვის ამოქმედებულიყო:

“საუკეთსო ვერსია იქნებოდა, ჩვენი ინიცირებული ტექსტი 2016 წელს ამოქმედებულიყო, მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერბმომზადებულ ვარიანტს მხარს არ დაუჭერენ:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მომზადებულ ვარიანტს. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რომელიც გვაქვს. ეს სისტემა უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის თანასწორობას გადაწყვეტილების მიღებისას,” – ამბობს ჟორჟოლიანი და აღნიშნავს, რომ მოქმედი სისტემა ძალიან სამართლიანი და რეალობის ადეკვატურია.

“ქართული ოცნება” მხარს არ უჭერს ოპოზიციის ვარიანტს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა”- ქართული ოცნების ვარიანტს. თუ მხარეები პოზიციას არ შეცვლიან და შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პარლამენტი ამ ორი კანონპროექტიდან ვერც ერთს მიიღებს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 ხმა არის საჭირო.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი