„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს.
შესაბამისი ცვლილებები მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსში შეაქვს.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტეგრირება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში დაშვებული იყო, აქამდე ეს პრობლემურად არასდროს წარმოჩენილა. ამიტომ, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ არსებული პრაქტიკის შეცვლა.
როგორც ლევან ნატროშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, კითხვებს აჩენს ისიც, თუ რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების ახლა შეტანა, ვინაიდან, წესით, არჩევნების ჩატარება 2028 წლამდე არ იგეგმება.
„პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ პროცესი, როგორც მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე წელია „ქართული ოცნება“ პარლამენტში, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად იღებს ცვლილებებს, მათ შორის მტკივნეულ ცვლილებებს ისე, რომ არანაირ კონსულტაციას, დისკუსიას არ გადის ჩართულ მხარეებთან, პროფესიულ წრეებთან, დაინტერესებულ პირებთან. სულ ახლახან მიიღეს ახალი საარჩევნო კოდექსი და უკვე ცვლილებები შეაქვთ მასში ისე, რომ კვლავ არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ. ეს დამკვიდრდა ძალიან ცუდ პრაქტიკად.
რაც შეეხება უშუალოდ ამ ცვლილებების შინაარსს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი აქამდე პრობლემური არ ყოფილა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დაშვებული იყო საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებად ყოფნა, კონკრეტულად ეს საკითხი პრობლემურად არასდროს წარმოჩენილა და, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ხდება ახლა, აი, ამ ცვლილების შეტანა. მით უმეტეს, წესით, არჩევნები 2028 წლამდე არ უნდა გაიმართოს და ამ კუთხით გარკვეული კითხვები არსებობს, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების შეტანა.
რაც შეეხება სტანდარტებთან შესაბამისობას, ზოგადად, ეს ცვლილება საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება. ასეთი აკრძალვა არ არსებობს, რომ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ სადამკვირვებლო მისიებში აუცილებლად ან ორივე შეიძლება იყოს. რეალურად, მსგავსი ჩანაწერი არ არის იმ საერთაშორისო დოკუმენტებში, რომლებიც არეგულირებს ამ სტანდარტებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას აძლევს საშუალებას, თავად დაარეგულიროს ეს საკითხი და ორივე მისაღებია ამ შემთხვევაში, ანუ დაშვება იმისა, რომ ადგილობრივი მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული საერთაშორისო მისიებში დამკვირვებლებად და აკრძალვაც, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, არც ერთი არ არის რაიმე სტანდარტთან შეუსაბამო.
უფრო მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ზოგადად, საერთაშორისო მისიებს, განსაკუთრებით ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილ მისიებს, როგორიც არის ეუთო/ოდირი, გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, მათ სადამკვირვებლო მისიებს შიდა მოწესრიგებით აქვთ ხოლმე ეს საკითხი დარეგულირებული. როგორც წესი, ისინი ადგილობრივი ქვეყნების მოქალაქეებს დამკვირვებლებად არ იყვანენ ხოლმე. იყვანენ მხოლოდ დამხმარე პერსონალად. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კარგ პრაქტიკას ეს შეესაბამება, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, საქართველოში ეს არასდროს არ ყოფილა, ეს მიდგომა, ასე ვთქვათ, ამ მხრივ პრობლემის წარმომქმნელი“, – აცხადებს ლევან ნატროშვილი.
ISFED-ის ხელმძღვანელის თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვების კუთხით არაერთი პრობლემაა, ჯობს ყურადღება მათ აღმოფხვრას დაეთმოს.
„აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად, არჩევნებზე დაკვირვების კუთხით ბევრი პრობლემაა საქართველოში. განსაკუთრებით ბოლოს მიღებული ცვლილებების ფონზე და იმ ფონზე, თუ რა მდგომარეობაშიც არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს ადგილობრივ დონეზე, მედიაორგანიზაციები, რომლებიც აშუქებენ არჩევნებს. ამ მხრივ გვაქვს სერიოზული პრობლემები საკანონმდებლო და პრაქტიკის დონეზე და ალბათ ჯობს, რომ ამას დაეთმოს ყურადღება, რომ ეს ბარიერები და შეზღუდვები რაც არის, ამ მიმართულებით ამის აღმოფხვრაზე იზრუნონ და არა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც რეალურად არასდროს არსებობდა“, – აცხადებს ლევან ნატროშვილი.
ლევან ნატროშვილის თქმით, წესით, ეს ცვლილებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ადგილობრივ დამხმარე პერსონალზე არ უნდა გავრცელდეს.
„წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო რამდენიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც ადგილობრივი მოქალაქეებიც აჰყავდა დამკვირვებლებად. ეს არ იყო ეუთო/ოდირი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩამოდიოდა საქართველოში და ეგეთი შემთხვევები იყო. მათ, ალბათ, შეექმნებათ გარკვეული პრობლემები, მოუწევთ, რომ მხოლოდ უცხოელი დამკვირვებლები აიყვანონ“, – აცხადებს ლევან ნატროშვილი.
ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებების სამიზნე ის ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც გახდნენ, რომლებმაც ბოლო წლებში მიღებული რეპრესიული კანონების გამო უცხოეთში რეგისტრაცია გადაწყვიტეს.
„შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს, რომ მათ არ სურთ, ქართველების მიერ უცხოეთში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს არ მიეცეთ საშუალება, არჩევნებს დააკვირდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსით“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
