„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს.
ამჯერად დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება თან ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესშიც, რომელიც ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.
კანონპროექტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება.
აკრძალულია ისეთი ინფორმაციის (მონაცემების) ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც (რომლებიც), ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტო-ვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით.
კანონპროექტის ავტორები არიან:არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი.








