ახალი ამბები

კომიტეტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

11 თებერვალი, 2016 • 2058
კომიტეტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომლის თანახმად,  2016 წლის არჩევნებისთვის პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორიული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კერძოდ,  სხდომაზე დამსწრე 16 დეპუტატისგან 7 ცვლილებების მომხრე იყო, 6 წინააღმდეგი, თავი კი სამმა დეპუტატმა შეიკავა. გადაწყვეტილების მისაღებად 9 ხმა იყო საჭირო.

“წარმოდგენილი პროექტის მიზანს წარმოადგენს შეიცვალოს საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემა და ნაცვლად პროპორციული და მაჟორიტარული სისტემისა შემოღებულ იქნას ერთიანი პროპორციული და სამხარეო პროპორციული სისტემები. 75 პარლამენტის წევრი არჩეული იქნას ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 სამხარეო პროპორციული სისტემის საფუძველზე, რითაც წარმომადგენლოლბითი ორგანოს დაკომპლექტება დამოკიდებული იქნება რეალურ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, პარლამენტში 80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიოც  მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით – მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები 2016 წლის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი