ახალი ამბები

პარლამენტმა შესაძლოა საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განახორციელოს

22 აპრილი, 2016 • 1428
პარლამენტმა შესაძლოა საარჩევნო სისტემაზე  საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განახორციელოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით “ნაციონალური მოძრაობა” მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. რაც იმას ნიშანვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ყველა სხვა საპარლამენტო ძალის მხარდაჭერის პირობებშიც კი კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შეიტანს, რადგან ამისთვის საჭირო 113 ხმა არ გააჩნია.

დეპუტატის თქმით, ცვლილებები ძალაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა შევიდეს და არა 2020 წლის არჩევნებისთვის:

“უმრავლესობისთვის ეს კანონი არის მხოლოდ და მხოლოდ სახის შენარჩუნების მცდელობა. ყველა ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ ამოწურა თავი. ეს კანონი კი სახის შენარჩუნების მცდელობაა, ისინი ამბობენ – აი, მერე ამოქმედდება. შეგვიძლია კანონპროექტში ჩავწეროთ, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის იქნება სხვანაირი სისტემის არჩევნები, მაგრამ აქტუალური არის, რომ ეს მოხდეს დღეს,” – ამბობს რატიანი.

ცვლილებებების 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელება სურთ “თავისუფალ დემოკრატებსაც”, თუმცა “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს მაინც უჭერენ, რასაც შალვა შავგულიძე შემდეგნაირად ხსნის:

“მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ იქნებ ყინული მართლაც დაიძრას იმ მიმართულებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არის სასარგებლო.”

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ლოგიკურ არგუმენტს ვერ ისმენენ, თუ რატომ არ უნდა გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2016 წლიდანვე.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის 126-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ ის ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია კონსტიტუცია მერვე მოწვევის პარლამენტმა შეცვალოს?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია:

“ჩვენ, მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი რომ ვთქვათ, ორი მოსმენით თუ მივიღებთ ამ კონსტიტუციურ ინიციატივას, გამოდის, რომ სამი თვის შემდეგ მესამე მოსმენა არის შესაძლებელი. სამი თვის შემდეგ თეორიულად ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია, ეს ალბათ იქნება ივლისი-აგვისტოს პერიოდი და ამავე პერიოდში შეგვიძლია მივიღოთ მესამე მოსმენით. თეორიულად ეს შესაძლებელია.”

კახიანის მტკიცებით, განმარტება “ორი თანამიმდევრული სესია” – არ გამორიცხავს რიგგარეშე სესიას:

“თანმიმდევრული სესია არ გამორიცხავს მათ შორის რიგგარეშე სესიასაც,”- აღნიშნავს კახიანი.

სერგო რატიანი და შალვა შავგულიძე მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებზე გაცილებით უკეთესი 200 000 მოქალაქის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია. ამ პროექტის მიხედვით,  2016 წლის არჩევნებისთვის პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან.

“უკეთესი იქნება და სასურველი იქნება, პარლამენტმა მოქალაქეების შემოტანილი ვარიანტი მიიღოს, მაგრამ არ არის იმედი, რომ ამ ვარიანტს მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა და იქნებ მათივე ინიცირებულით მაინც გადავდგათ ნახევარი ნაბიჯი უკეთესი სისტემისკენ,” – ამბობს შავგულიძე.

“უმრავლესობამ ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანა, რომ მოქალაქეების ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დაბლოკვის შემდეგ რაღაც მაინც თქვან. ხელისუფლებას საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ თავი გაიმართლონ. თუ მოქალაქეების ვარიანტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, დღეის მდგომარეობით “ნაციონალური მოძრაობის” გადწყვეტილება არის ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ვარიანტს მხარს არ დაუჭერს,”- აღნიშნავს სერგო რატიანი.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი