ახალი ამბები

კონსტიტუციური კანონპროექტით საარჩევნო ბარიერი 4%-მდე მცირდება

20 აპრილი, 2016 • 1808
კონსტიტუციური კანონპროექტით საარჩევნო ბარიერი 4%-მდე მცირდება

22 აპრილიდან საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით საარჩევნო ბარიერი 5 %-დან 4-%მდე მცირდება.

22 აპრილს, 11 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე” იმსჯელებს.  წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი შედგება 4 წლის ვადით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან. პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

ამასთან, საარჩევნო ბარიერი 4 პროცენტამდე მცირდება, კერძოდ –  პარლამენტის წევრთა მანდატები შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც მიიღებენ ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც. ყოველ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს  შორის პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მათ მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების პროპორციულად ორგანული კანონით დადგენილი წესით.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი