ახალი ამბები

თსუ შესაბამის უწყებებს “სტუდენტებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლისა და რეაგირებისკენ” მოუწოდებს

20 აპრილი, 2016 • 1126
თსუ შესაბამის უწყებებს “სტუდენტებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლისა და რეაგირებისკენ” მოუწოდებს

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრების მიერ ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თსუ-ს აკადემიური საბჭო ეხმაურება და შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

“ბოლო დღეებში არაერთი განცხადება გავრცელდა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მხრიდან სტუდნეტური მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრებზე ზეწოლის შესახებ. სტუდენტების განცხადებით, მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლამ და მუქარამ პერმანენტული ხასიათი მიიღო და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა სტუდენტური აქტივობის შეჩერებაა. თსუ-ს აკადემიური საბჭო გმობს ნებიმსიეირი სახის ზეწოლას სტუდნეტებზე და მიაჩნია, რომ უზრუნევლყოფილი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

ამასთან, აკადემიური საბჭო მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და სახალხო დმაცველს, შეისწავლოს და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშულ ფაქტებზე”, – ნათქვამია თსუ-ს აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

“აუდიტორია #115”-ის წევრები აცხადებენ, რომ მათ ოჯახებსა და ნათესავებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აშანტაჟებენ და ემუქრებიან.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს სტუდენტების ჯგუფის, აუდიტორია #115-ის მიერ გუშინ, 18 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი