ახალი ამბები

სუს-ი ზეწოლის შესახებ აუდტორია #115-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

19 აპრილი, 2016 • 1726
სუს-ი ზეწოლის შესახებ აუდტორია #115-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს სტუდენტების ჯგუფის, აუდიტორია #115-ის მიერ გუშინ, 18 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუ აქვთ ინფორმაცია და კონკრეტული ფაქტები, უნდა მიმართონ საგამოძიებო უწყებას”, – უთხრეს ნეტგაზეთს სუს-ის პრესსამსახურში.

უწყებაში არ პასუხობენ შეკითხვას, ზეწოლის არარსებობის ფაქტი რაიმე სახის შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა, თუ ეს გამოძიების გარეშე გავრცელებული განცხადებაა. ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც ნეტგაზეთს ზეწოლის შესახებ ესაუბრა, გვითხრა, რომ მას სუს-იდან არავინ დაკავშირებია და არავითარი შეკითხვები არ დაუსვამს:

“მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმართონ საგამოძიებო უწყებას”, – ამბობენ სუს-ში.

სტუდენტი, რომელიც ზეწოლის ფაქტზე ღიად საუბრობს, ნათია ქარჩილაძეა. იგი ამბობს, რომ ზეწოლა მის მამაზე განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საჯარო სამსახურში:

“[მამაჩემს] დირექტორმა დაურეკა და შეხვედრაზე დაიბარა. როდესაც მივიდა, მან უთხრა ასეთი რამ: ჩვენთან მუშაობ და უშიშროების სამსახურმა დაგვავალა ასეთი რამ, რომ თუ შენი შვილი არ შეწყვეტს ჩვენ წინააღმდეგ, ანუ ოდეერების წინააღმდეგ ბრძოლას, მაშინ სამსახურიდან გათავისუფლდებიო. კონკრეტულად ოდეერი არ უხსენებიათ, მაგრამ უთხრეს, ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლას [თუ არ შეწყვეტსო]. ანუ უსაფრთხოების სამსახურის დანაბარები გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საჯარო სამსახურშია დასაქმებული”, – გვითხრა ქარჩილაძემ.

სტუდენტი ამბობს, რომ მისი ოჯახი აუდიტორია #115-ში ერთადერთი არ არის, ვისზეც ზეწოლა ხორციელდება:

“დაახლოებით 10-15 ადამიანზეა საუაბრი, რომლებიც ამის შესახებ ხმამაღლა ვერ ამბობენ. ზოგს მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქნრნენ, ზოგს დაემუქრნენ წარსულში ნასამართლევი ახლობლების დაპატიმრებითაც”.

სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს უთრეს, რომ ისინი მზად არიან ამ პროცესში ჩაერთონ:

“სახალხო დამცველი ამ პროცესში თავიდანვე ჩაერთო, როცა მოგვმართეს [ირაკლი კუპრაძის საქმე]. ჩვენ მაშინ დავიწყეთ შესწავლა, გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელიც არ მოგვაწოდეს და ამასთან დაკავშირებით საქმის წარმოებაც დაიწყო. რაც შეეხება ახალ განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჩაერთოს ამ საკითხში. ჩვენ დაგვჭირდება კონკრეტული ადამიანები, ვისზეც ზეწოლა მოხდა, და მათი მომართვის შემთხვევაში უფრო დეტალურად შევისწავლით”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ნათია ქარჩილაძე ამბობს, რომ დღეს აპირებს იურისტებთან კონსულტაციებს, რის შემდეგაც მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას შეეცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი