“აუდიტორია #115”-ის წევრები აცხადებენ, რომ ძალოვნები მათ ოჯახებს ყოველდღიურად ემუქრებიან

“აუდიტორია #115”-ის წევრები აცხადებენ, რომ მათ ოჯახებსა და ნათესავებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აშანტაჟებენ და ემუქრებიან.

“აუდიტროია #115” აცხადებს, რომ დღეს, 19 მარტს, ნათია ქარჩილაძის მამას დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ ნათია არ ჩამოშორდება აუდიტროია 115-ს. სტუდენტთა გაერთიანების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“აუდიტორია 115-ის წევრებზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ყოველდღიურად მიდიან აქტივისტების ოჯახის წევრებთან, რომელთაც აშინებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის წევრები არ დაანებებენ თავს აქტიურ ბრძოლას ოდეერების წინააღმდეგ, მათი ახლობლები გათავისუფლებიან სამსახურიდან, ან მათ დაიჭერენ.

მუქარის გამო, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი აქტივისტი ღიად ვერ საუბრობს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ. მაგალითად, დღეს ნათია ქარჩილაძის ოჯახზე განხორციელდა მუქარა, რომ თუ ის არ ჩამოშორდება აუდიტორია 115-ს, მაშინ მამამისი გათავისუფლდება სამსახურიდან.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დაცვა. ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, არსებობას განაგრძობს დღესაც.

აუდიტორია 115 იწყებს ბრძოლას პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!
ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საზოგადოებისთვის!
ჩვენ არ გვეშინია!”, – წერია აუდიიტორია 115-ის განცხადებაში.

“აუდიტორია #115” 2016 წლის მარტის თვეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებული პროეტსტის დროს შეიქმნა. სტუდენტების ნაწილმა თავიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დასახელება გააპროტესტეს.

სტუდენტების ჯგუფი ითხოვს, რომ საუნივერსიტეტო სივრცე გათავისუფლდეს ოდეერის ინსტიტუტისგან. აუდიტორია 115 მოითხოვს, რომ დაიშალოს თვითმმართველობები და სტუდენტებს თანასწორუფლებიანი გარემო შეექმნათ.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მათ მუშაობა დაწყებული აქვთ უმაღლესი განათლების რეფორმაზე. ამ მიზნით მათ სტუდენტებს შესთავაზეს კანონპროექტის სამინისტროსეული ვერსია, რომელიც “აუდიტორია 115”-მა დაიწუნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com